სტიქია თბილისში

საუდის არაბეთის პრინცი თბილისის სტიქიით დაზარალებულებს 300 000 $-ით ეხმარება

ტაბულა

საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდმა თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამოყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრის სახელზე გამოგზავნილი პრინცის შესაბამისი წერილი საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს გადაეცა. პრინცმა 2 ივლისს სპეციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ის მომავალი წლების მაძილზე მსოფლიოში ქველმოქმედებისთვის $32 მილიარდს დახარჯავს.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებს. გვსურს გამოვხატოთ ღრმა მწუხარება და მივუსამძიმროთ ქართველ ხალხს.

მძიმე დროს მეგობრები ყოველთვის ერთმანეთის გვერდში დგანან. ფონდი Alwaleed Philanthropies ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც დახმარებას უწევს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს. გვწამს, რომ სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგვიძლია, ამიტომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საქართველოს ელჩს საუდის არაბეთში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ფონდის მიერ გამოყოფილი 300.000 აშშ დოლარის ოდენობის შენატანის განხორციელება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად და დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ვლოცულობთ თქვენი და ქართველი ხალხისთვის", - ნათქვამია საუდის არაბეთის პრინცის წერილში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საუდის არაბეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თბილისში დატრიალებული სტიქიის შემდეგ საუდის არაბეთის პრინცთან 16 ივნისს საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც ალ-ვალიდს მიაწოდა ინფორმაცია მომხდარის შესახებ. საგარეო უწყების ცნობით, პრინცმა ელჩს საქართველოს მოსახლეობისა და მთავრობის სახელზე სამძიმრის წერილი გადასცა. ელჩთან შეხვედრისას ალ-ვალიდმა გამოხატა სურვილი, საელჩოსთან კოორდინაციით დაზარალებულებს დახმაროს.

"პრინცი რეგულარულად ინტერესდება, თუ როგორ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რის თაობაზეც საელჩო მას უწყვეტ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას", - აღნიშნავს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საუდის არაბეთის პრინცი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 2015 წლის 10 ივნისს ეწვია. 

 

კომენტარები