სტიქია თბილისში

თბილისის მერიამ სტიქიის ზარალის ანაზღაურების ორი ვარიანტი შეიმუშავა

თბილისის მერიამ სტიქიის ზარალის ანაზღაურების ორი ვარიანტი შეიმუშავა. ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის რიმა ბერაძის თქმით, პირველი ვარიანტის მიხედვით, კომპენსაცია მოხდება სულადობით. ასეთ ოჯახებს თანხა გადაეცემათ საცხოვრებელის შესაძენად. გარდა ამისა, მიიღებენ 10.000 ლარს პირველადი ნივთების შესაძენად. მეორე ვარიანტის მიხედვით კი, დაზარალებულებს ქონებას საბაზრო ღირებულებით თანხობრივად აუნაზღაურებენ. 

"ჩვენი აზრით, მივიღეთ უპრეცედენტო დოკუმენტი, რადგან პირველ ვარიანტში მოსახლეობას დამატებით მიეცემა 10 000 ლარი, ამავდროულად, ჩვენ გადავწყვიტეთ ასე, რომ შეგვეფასებინა, რა ღირდა მიწის ნაკვეთები და საცხოვრისები სტიქიამდე. 1 კვ. მ შეფასდა 1000 დოლარად. მაგალითად, თუ ორსულიან ოჯახს ეკუთვნის 45 კვ. ბინის ფართი, ჩაერიცხება 45 ათასი დოლარი პირად ანგარიშზე და ამ თანხით ის უზრუნველყოფს მისთვის სასურველი ბინის შეძენას. მეორე წესის მიხედვით კი, მოხდება დაზარალებულთა ქონების საბაზრო ღირებულებით ანაზღაურება", - განაცხადა რიმა ბერაძემ და აღნიშნა, რომ მოსახლეობა თავად აირჩევს, თუ რომელი ვარიანტი იქნება მისთვის სასურველი.

"ზოგიერთ შემთხვევაში მეორე წესს დაქვემდებარებული დაზარალებული ოჯახები ზარალდებოდნენ, მეორე წესის გამოყენების შემთხვევაში - პირველ წესს მიკუთვნებული ოჯახი ზარალდებოდნენ, ამიტომ ავიღეთ ორივე წესი. ზოგიერთმა სტიქიის შედეგად დიდი ქონება დაკარგა. რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს ფლობდა. შესაბამისად, მათ ქონება უნდა აუნაზღაურდეთ", - თქვა ბერაძემ.

ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის თქმითვე, დღეისთვის 25 მილიონი ლარი შეგროვდა, ამ თანხების განკარგვა აისახება თბილისის მერიის ვებგვერდზე.

13-14 ივნისის სტიქიამ 161 ოჯახი დააზარალა. ნიაღვრის შედეგად, 19 ადამიანი გარდაიცვალა, სამს კი, დღემდე ეძებენ.

 

 

კომენტარები