ეთნიკური უმცირესობები

გომელაური გავრცელებულ ვიდეოზე: ძალიან ცუდი იყო, როდესაც ეთნიკურ მხარეს შეეხნენ

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რუსთავი 2-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო, რომ ეთნიკურად სომეხ პირებს პოლიციის განყოფილებაში შეურაცხყოფა მიაყენეს. გომელაურის თქმით, კადრებში არსად ჩანს, რომ მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.

"ეს თემა გუშინ ძალიან ცუდად გაჟღერდა. იქიდან გამომდინარე, თითქოს სომხური წარმოშობის ჩვენს მოქალაქეებს ჩაგრავენ და ცემენ. მე ვფიქრობ, ძალიან ცუდი იყო, როდესაც ეთნიკურ მხარეს შეეხნენ. ეს სამი თვის წინანდელი თემაა და მაშინ არის ეს კადრები გადაღებული. ამ პიროვნებებმა იჩხუბეს ღამის კლუბში, სადაც ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. ეს პიროვნებები დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. კადრები, რომლებიც გუშინ გასაჯაროვდა, ისინი სასამართლომაც არ მიიღო, იქ არაფერი არ ჩანს, უბრალოდ ჩანს, რომ პოლიციის განყოფილებაში არიან", - განაცხადა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმითვე, ინფორმაციაზე, რომ ჩხოროწყუში ერთ-ერთი მოქალაქის შეურაცხყოფის მიყენებაში პოლიციელებიც მონაწილეობდნენ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

"ამაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და თუ გამოვლინდება დანაშაული, დაისჯებიან კანონის შესაბამისად", - თქვა გომელაურმა.

 

კომენტარები