სტიქია თბილისში

ქუმსიშვილი: დარჩა შეთანხმება დაზარალებულთან - რომელი წესით სურს თანხის მიღება

reportiori.ge

თბილისის მერის მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის თანხების გაცემის პროცესი დაიწყება დღეიდანვე, თუკი მიიღწევა შეთანხმება, რომელი პირობით სურს დაზარალებულს ანაზღაურების მიღება. ქუმსიშვილის თქმით, ამის შემდეგ, თანხის გაცემა პრობლემას არ წარმოადგენს. წესთან ერთად, ქუმსიშვილის თქმით, დამტკიცდა პროცედურები, ასევე განცხადების ფორმები და ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც დაზარალებულებმა უნდა მიმართონ მერიას.

"ძირითადი ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულ წესში არის მოთხოვნილი, პრაქტიკულად ჩვენ შეგროვებული გვაქვს, ანუ ოჯახების მხრიდან, ჩვენ რაც დაგვჭირდება, არის განცხადების მარტივი ფორმა, რომელზეც დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაში ოჯახებს ჩვენ თვითონვე დავეხმარებით. თანხების გაცემის პროცესი შეიძლება დაიწყოს ხვალიდანვე, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევთანხმდებით მოსახლესთან, პირველ ვერსიას ირჩევს თუ მეორე ვერსიას. როგორც შევთანხმდებით, თანხის გაცემა პრობლემას აღარ წარმოადგენს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

საკრებულომ თბილისის სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი გუშინ დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, დაზარალებულები ორ კატეგორიად გაიყოფიან. პირველ კატეგორიაში ის ხალხი მოხვდება, ვინც საცხოვრებელი სახლები დაკარგა და ეს სახლები არ ექვემდებარება აღდგენას, ხოლო მეორე კატეგორიაში ის ოჯახებია, რომელთა საცხოვრისებიც აღდგენას ექვემდებარება.

წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. პირველი, სულადობის მიხედვით ფართისთვის თანხის გამოყოფა და მეორე - საბაზრო ღირებულებით იმ ქონების გამოსყიდვას, რაც დაზარალებულებს სტიქიის ადგილზე გააჩნდათ. დაზარალებულებს საშუალება ექნებათ აირჩიონ, რომელი ვარიანტია მათთვის მისაღები.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ერთი და ორწევრიანი ოჯახებისათვის თანხობრივად გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის შესაბამისი კომპენსაცია, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისათვის 65 კვ.მ ფართის შესაბამისი კომპენსაცია. ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისათვის 90 კვ.მ. ფართის ბაზარზე საშუალო ფასის შესაბამისი კომპენსაცია, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისათვის 110 კვ.მ ფართის შესაბამისი კომპენსაცია.

დამტკიცებული წესის მიხედვით, ოჯახები სულადობის მიხედვით მიიღებენ საოჯახო პაკეტისათვის თანხას. ერთი და ორწევრიანი ოჯახისათვის გათვალისწინებულია 8 000 ლარი, 3-4 წევრიანი ოჯახისათვის 8 700 ლარი, 5 და 6 წევრიანი ოჯახისათვის 9 400, ხოლო 7 და მეტი წევრიანი ოჯახისათვის 10 500 ლარი.

 

კომენტარები