საბერძნეთი

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა თანამდებობა დატოვა

www.theguardian.com

Reuters-ის ცნობით, დღეს, 6 ივლისს, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. 5 ივლისის რეფერენდუმის წინასწარი მონაცემებით, მოსახლეობის 60%-მა მხარი არ დაუჭირა საერთაშორისო კრედიტორების მიერ შეთავაზებულ გეგმას. 

ვარუფაკისი მიზეზად იმ ფაქტს ასახელებს, რომ კრედიტორი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები მას მოლაპარაკებების დროს მიუღებელ პირად თვლიდნენ. ვარუფაკისის თქმით, მან კონსულტაცია ქვეყნის პრემიერმინისტრთან ალექსის ციპრასთანაც გაიარა, რომელმაც გადადგომის შესახებ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

5 ივლისს ვარუფაკისმა განაცხადა, რომ საბერძნეთსა და მის კრედიტორებს შორის მოლაპარაკებათა ახალი რაუნდი დაიწყებოდა, სადაც ის მოლაპარაკებების 48 საათში წარმატებით დასრულებას ვარაუდობდა, თუმცა უკვე 6 ივლისს ვარუფაკისმა გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება. 

იანის ვარუფაკისი საბერძნეთს კრედიტორების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. მან 20 ივნისს განაცხადა, რომ საბერძნეთმა "ოდიოზური" ვალები არ უნდა გადაიხადოს.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა სიგმარ გაბრიელმა 5 ივლისს განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგებით ქვეყანამ და მისმა მმართველმა ძალამ კომპრომისის ერთადერთი რეალური გზა გადაჭრეს. 

რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით, დღეს, 6 ივლისს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი შეხვედრას გამართავენ. საბერძნეთის კრედიტორები ბრიუსელში მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებისთვის ემზადებიან.

რეფერენდუმზე საბოლოოდ "არა" პასუხის გამარჯვების შემთხვევაში საბერძნეთსა და მის კრედიტორებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება, რაც ქვეყნის ევროზონიდან გამოსვლითაც შეიძლება დასრულდეს. საერთაშორისო ანალიტიკოსები უკვე მიანიშნებენ, რომ "არას" გამარჯვების შემთხევვაში საბერძნეთის დეფოლტი და ქვეყნის ევროზონიდან გამოსვლა შეიძლება გარდაუვალი იყოს. საბერძნეთმა 30 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 1.6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი არ გადაიხადა. ამის გამო ქვეყანა ფონდის კლასიციკაციით ვადაგადაცილებული ვადის მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ფონდი მას დამატებით ფინანსურ დახმარებას ვალის დაბრუნებამდე აღარ გაუწევს.

 

კომენტარები