შენობის ჩამონგრევა

მერია შენობის ჩამონგრევაზე: კომპანიამ ყველა დოკუმენტაცია წარმოადგინა

თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს თბილისში, ბიძინა კვერნაძის ქ.N10-ში დემონტაჟის სამუშაოებისას მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც ადამიანები ემსხვერპლნენ და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს. მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია რომ დემონტაჟის სამუშაოებს კომპანია კონსტრაქშენ გრუპი აწარმოებდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ნებართვა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის 29 აგვისტოს გასცა.

„იმის გამო, რომ ჩასატარებელი სამუშაოები მიეკუთვნებოდა IVკლასს, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა სამუშაოების დაწყებამდე კომპანიას დაავალა, წარმოედგინა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან (მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან), „მშენებლობის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის კვლევა, აგრეთვე, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი და სავალდებულო საექსპერტო შეფასება, რომელსაც, ასევე, საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილება ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მერიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომპანიამ წარმოადგინა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მან შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. ამასთან, კომპანია ვალდებული იყო, რეკონსტრუქციის სამუშაოები სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეთანხმებული დოკუმენტის დარღვევის გარეშე ეწარმოებინა.

„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. თბილისის მერია იმედოვნებს, რომ გამოძიება უახლოეს პერიოდში დაადგენს შენობის ჩამონგრევის მიზეზს და დამნაშავე პირები კანონის შესაბამისად დაისჯებიან", - წერია განცხადებაში. 

კომენტარები