საბერძნეთი

2001 წელს საბერძნეთი ევროზონაში გაყალბებული დეფიციტის მაჩვენებლით შევიდა

ათენი, 2004 წლის ოლიმპიადა
olympics.com.au

BBC-ის ცნობით, 2001 წელს, საბერძნეთი ევროზონაში გაყალბებული ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლით შევიდა. ევროზონის წევრ ქვეყნებს ბიუჯეტის დეფიციტის მკაცრი კონტროლი და მისი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 3%-ზე დაბლა შენარჩუნება ევალებათ, რაც ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ფისკალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. საბერძნეთმა კი ევროზონის კანდიდატობისთვის 1999 წელს ეს მონაცემი გააყალბა.  

რეალურად 1999 წელს 3%-ის ნაცვლად ბიუჯეტის დეფიციტმა 3.38% შეადგინა. 2004 წელს ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა გეორგიოს ალოგოსკოფუსმა აღიარა, რომ მთელი 5 წლის მანძილზე ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი ყოველწლიურად 3%-ს აღემატებოდა.

საბერძნეთში მაღალი დეფიციტის მაჩვენებელი ასევე 2003 და 2004 წლებში დაფიქსირდა, თუმცა მაშინ მთავრობა მაღალ დეფიციტს ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშებით ხსნიდა, რომლის ინფრასტრუქტურის მოწყობასაც 7 მილიარდი ევრო დასჭირდა. 

ევროკავშირმა გაყალბებული სტატისტიკის შესახებ 2004 წელს შეიტყო, მაშინ ქვეყნის მიმართ მხოლოდ მკაცრი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. 

2004 წლის შემდეგ ECB-იმ ევროზონის კანდიდატი ქვეყნების ფისკალური მაჩვენებლების უფრო მკაცრი კონტროლი დაიწყო.

არსებული მეთოდოლოგიით ბიუჯეტის დეფიციტი მთავრობის ხარჯებისა და დაკრედიტების გადამეტებაა შემოსავლებსა და ფულად გრანტებზე.

კომენტარები