უბედური შემთხვევა

ნანუაშვილი: სამუშაოებისას დაღუპული მუშების საქმე სრულყოფილადაა გამოსაძიებელი

უჩა ნანუაშვილი

სარეკონსტრუქციო სამუშაოებისას დაღუპული მუშების საქმეში ყველა დეტალი გამოსაძიებელია, - ამის შესახებ სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებაში წერია.

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2015 წლის 6 ივლისს, თბილისში, ბ. კვერნაძის ქ.#10 მომხდარ ტრაგედიას. აღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ჭერის ჩანგრევის გამო, მშენებლობაზე დასაქმებული ოთხი მუშა დაიღუპა. საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

„მოცემულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა). მიგვაჩნია, რომ შესასწავლია ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების კანონშესაბამისობის საკითხი", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო წლების განმავლობაში მწვავედ აყენებს ქვეყანაში შრომის ინსპექციის არარსებობის საკითხს და მისი შექმნის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

„სამწუხაროა, რომ აღნიშნული რეკომენდაცია დღემდე არ არის შესრულებული საქართველოს მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი მექანიზმის შექმნასა და ამ სფეროში მინიმალისტური სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება შექმნას ისეთი ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების პრევენციისკენ იქნება მიმართული, მაშინ როცა საქართველოში მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ერთადერთი საშუალება სისხლის სამართლის წესით საქმის გამოძიებაა. აღნიშნული, რასაკვირველია, არ არის საკმარისი", - ნათქვამია განცხადებაში.

ნანუაშვილი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ მიმდინარე წელს სხვადასხვა სამუშაოებზე, მათ შორის მშენებლობებზე დასაქმებული არაერთი მუშის დაღუპვისა თუ დაშავების შესახებ შეიტყო საზოგადოებამ, ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, დროულად იწყება გამოძიება, თუმცა საზოგადოება არ არის საკმარისად ინფორმირებული მისი შედეგების შესახებ.

„ამის გათვალისწინებით, მხოლოდ გამოძიების დაწყება არ წარმოადგენს მკაცრ გაფრთხილებას მშენებლობისა თუ სხვა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიებისათვის, მაქსიმალურად მკაცრად და პასუხისმგებლობით მოეკიდონ უსაფრთხოების წესებსა და მათ დაცვას", - წერს ნანუაშვილი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სრულყოფილად, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევების მიზეზები, მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და მასზე ზედამხედველობის კანონშესაბამისობის საკითხი.

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოს ინფორმაცია უსაფრთხოების წესების დარღვევაზე მიმდინარე გამოძიების შედეგებისა და სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებების თაობაზე. აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დროულად შექმნას შრომის პირობების ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი და უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო გარემო ყველა დასაქმებული პირისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები