რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

Риа новости: საქართველოს რუსეთისთვის კომპენსაცია არ მოუთხოვია

Getty Images

2015 წლის 6 ივლისის მონაცემებით, საქართველოს ოფიციალური მოსკოვისთვის კომპენსაცია არ მოუთხოვია, - ამის შესახებ რუსული მედიასაშუალებები რუსეთის იუსტიციის მინისტრზე დაყრდნობით წერენ.

კრემლის განცხადებით, 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის გამო მორალური ზიანის კომპენსაციისთვის, ოფიციალურ თბილისს რუსეთისთვის არ მიუმართავს.

ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ისინი კომპენსაციაზე თავიანთ პოზიციას მხოლოდ მას შემდეგ დააფიქსირებენ, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო რუსეთს ქართული მხარის მოთხოვნებს გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან კოლექტიურად გამოძევებული ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და 70 320 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რის შედეგადაც რუსეთიდან გამოაძევეს 4,634 ქართველი, რითაც მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მე-4 მუხლი. სასამართლომ, ასევე, მიუთითა, რომ 2,380 ქართველი იყო უკანონოდ დაკავებული რუსეთში და გამოძევებული ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5(1),(4) მუხლების დარღვევით, ხოლო დაკავებულებიდან სამი ქართველი დაიღუპა პატიმრობისას. სტრასბურგის სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევის მსხვერპლთათვის არ იყო ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა მე-3, მე-5 (1), (4) მუხლებთან და მეოთხე ოქმის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში.

კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეებს დაევალათ წერილობითი მოსაზრებების წარდგენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

განცდილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით საქართველო რუსეთის ხელისუფლებისაგან 70,320,000 ევროს ითხოვს. ეს ოდენობა ეფუძნება მსგავს საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს.

 

კომენტარები