ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე ქართული სამხედრო ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მაზარ-ი-შარიფში შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროები ავღანეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გააცილეს.
32-ე ბატალიონის ნაკრები ასეული მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელიც გერმანიის კონტინგენტის დაქვემდებარებაში საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც სწრაფი რეაგირების ასეული. ქვედანაყოფი, როტაციის წესით, IV მექანიზირებული ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს.