ავტომობილები

მინაშვილი მარჯვენასაჭიან მანქანებზე: მთავრობა მოსახლეობას პრობლემებს უქმნის

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი არ გამორიცხავს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შესაძლო აკრძალვას საფუძვლად პერსონალური ინტერესები ედოს. ენმ-ის დეპუტატი თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა საზოგადოების მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ცნობისთვის, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თქვა, რომ მარჯვენასაჭიან ავტომანქანებთან დაკავშირებით კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს. მისი განცხადებით, "არის ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც თავის ტერიტორიაზე კრძალავს ან არ უშვებს ასეთ მანქანებს, ვინაიდან ისინი გარკვეული თვალსაზრისით აფერხებენ მოძრაობას".

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის თქმით, ნარმანიას განცხადება სახიფათოა და მთავრობა მოქალაქეებს პრობლემებს უქმნის.

"მთელი 2 წლის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ ქვეყნის განვითარებაზე, მოქალაქეების კეთილდღეობაზე იზრუნოს, მთავარ ფოკუსს დამატებითი შეფერხებებისა და პრობლემების შექმნაზე აკეთებენ. იცით, რომ ავტომანქანები მხოლოდ კომფორტის საშუალება არაა და მას საქართველოში შემოსავლის დატვირთვაც აქვს. ეს რეგულაცია კი, კიდევ უფრო დუხჭირს გახდის ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას.

არ გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ხელისუფლების წარმომადგენლების პერსონალური ინტერესები ედოს. ეს არის მოსახლეობისთვის დამატებით შექმნილი პრობლემები იმის ფონზე, რომ ქვეყანაში გაჩერებულია უამრავი პროექტი, არაა სამუშაო ადგილები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ლარი დღითი დღე უფასურდება. მთავრობამ კი ამ 2 წლის განმავლობაში, არათუ იზრუნა საკუთარ მოქალაქეებზე, არამედ პირიქით - ისინი დაკავებულები არიან საკუთარ კეთილდღეობასა და ნათესავებზე ზრუნვით. პრობლემებს უქმნიან მოსახლეობას იმისთვის, რომ თვითონ ცხოვრობდნენ კარგად და ყველა დანარჩენს საქართველოში უჭირდეს. ასეთ ადამიანებს ხელისუფლებაში ყოფნის შანსი არ აქვთ. მათ ძალიან მალე მოუწევთ იმ პოზიციების დატოვება, რომელსაც საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებენ", - განაცხადა მინაშვილმა.

 

კომენტარები