საზოგადოება

თავისუფლება

ნიკო ლორთქიფანიძე – „მონა“:

ჯვარედინ გზაზე ისმის:
– გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყათ თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს – ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ყნოსვით!
– მე მონა ვარ!..
– რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისუფლდები...
– მე სუსტი ვარ...
– თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს...
– არა მაქვს იმედი...
– არაფერია, ბრძოლაში იმედიც დაიბადება.
– მეშინია უარესის...
– მონობაზე უარესი რაღა იქნება?
– სიკვდილი... შიმშილი...
– მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა... ნაკლებათ საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.

როგორც მე-4 საუკუნის სასულიერო მოღვაწე გრიგოლ ნოსელი განმარტავს, თავისუფლება „არს კაცი ჯური თვითმოძრავი სულით ხელმწიფისა ნებისა თვისსა“. მართალია, არცთუ მარტივად გასაგებ ენაზეა ნათქვამი, მაგრამ თუ ადამიანი გონებას ოდნავ დაძაბავს, არსს ცხადად გაიგებს.

დღეს, საქართველოში თუ კი რამეს ებრძვიან, ადამიანის თავისუფლებაა. თავისუფლებას ებრძვიან საბჭოთა წარსულის მეხოტბე ადამიანები და აქ ასაკი არაფერ შუაშია. საბჭოეთი არსად წასულა და ჯერ კიდევ ჩვენშია. ებრძვის ყველა, ვისაც დასავლეთი მტრად ჰყავს გამოცხადებული, ხოლო საკუთარ თავს პროქართულს ეძახის. სიმართლე კი ძალიან ცხადი და მარტივია. დღეს, ისე როგორც საუკუნის წინ, პროქართულობა პირდაპირ ნიშნავს პროდასავლურობას, ხოლო ე.წ. პროქართულობა, როგორც ანტონიმი პროდასავლურობისა, პრორუსულობაა და მეტი არაფერი.

თავისუფლებას ებრძვიან ყველა საშუალებით, ყველა რესურსით. ებრძვიან არა იმდენად ფიზიკურ თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას, რომელიც ადამიანის ავტონომიურობის დეკლარირებასა და ამ ავტონომიურობის პატივისცემას ეფუძნება.

ებრძვიან ინსტიტუციები და მათი უპირობო მხარდამჭერები, რომლებიც საქართველოში მონარქიის აღდგენის მეხოტბეებად გვევლინებიან და „იბერიის გაბრწყინებას“ სწორედ მონარქთან ერთად გვიწინასწარმეტყველებენ. რას ნიშნავს მონარქის აღდგენა? იმას, რომ ჩვენ, ადამიანებს, თურმე არ შეგვიძლია პასუხი ვაგოთ ჩვენს თავსა და არჩევანზე, არ შეგვიძლია ავირჩიოთ ხელისუფალი და განვაგოთ ჩვენი ბედი. ამიტომ თვლიან, რომ სწორედ მათგან მირონცხებულმა მონარქმა უნდა გვმართოს. მან გადაწყვიტოს, რა გვარგებს და რა დაგვაზარალებს. და რომელმა მონარქმა? რომლის ჩასახვაც ლამის კლერიკალების თავზე დგომით შემდგარი სექსუალური აქტით მოხდა.

სასაცილოა ამ ადამიანთა მხრიდან თავისუფლებასა და ზნეობრიობაზე ქადაგებების მოსმენა, მაშინ, როცა მზად არიან, ადამიანებს, დაუღალავი ბრძოლით მოპოვებული, თავისუფალი არჩევნების უფლება წაართვან, ხოლო ყველაზე დიდი უზნეობა და ამორალურობა 21-ე საუკუნეში ადამიანთათვის იმის დაჯერების მცდელობაა, რომ მათ არ სჭირდებათ თავისუფლება.

თავისუფლებას ებრძვიან თავისუფლების მათეული გაგების დამკვიდრებით, რომელსაც შეგვიძლია „ზნეობრივი თავისუფლება“ ვუწოდოთ, სადაც ზნეობას თავად ადგენენ, ხოლო თავისუფლებას ფარგლებს ზნეობრიობით უწესებენ. ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანების დასამორჩილებლად თავისუფლების ამ გაგებას გვასაღებენ, როგორც ჭეშმარიტს. სინამდვილეში კი, ეს შემოსაღება, მონობის ეპოქაში დაბრუნების მცდელობაა, რადგან მათ, როგორც მონათმფლობელებს, არ სურთ მონობის გაუქმება, არ სურთ მონების დაკარგვა. თუმცა ამ ყველაფერში არანაკლები წვლილი შეაქვთ თავად დაწინაურებულ მონებსაც, რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ, როგორ უნდა იცხოვრონ თავისუფლად, რადგან მათ ასე არასოდეს უცხოვრიათ. ეშინიათ ლორთქიფანიძისეული შიმშილის, სიკვდილის. ამიტომაც მისტირიან საბჭოთა წარსულსა და ერთმორწმუნე მეზობელს, სადაც თავისუფლებისთვის ადგილი უბრალოდ არაა. მათ ეზიზღებათ თავისუფალი ადამიანები, როგორც სიმბოლოები, რომლებმაც მათგან განსხვავებით, შეძლეს, მოიპოვეს თავისუფლება და ასე ცხოვრობენ. სწორედ ამიტომაც აქვთ ორგანული ზიზღი დასავლეთის, რადგან იქ ბევრი თავისუფალი ადამიანი ეგულებათ. მათთვის უმთავრესი მტრები სწორედ ეს თავისუფალი ადამიანები არიან და არა საკუთარი მონათმფლობელები.

თავისუფლებას უპირისპირებენ მათეულ მორალს და თვლიან, რომ სახელმწიფომ ადამიანებთან სწორედ მათი მორალით უნდა იურთიერთოს. უფრო მეტიც, მორალი კანონად აქციოს და მათი ჭეშმარიტება კანონის ძალით დაამკვიდროს „გასაბრწყინებელ იბერიაში“.

როგორც ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ სტიუარტ მილი ჯერ კიდევ საუკუნე-ნახევრის წინ აღნიშნავდა, „საჭიროა (ადამიანთა) დაცვა გაბატონებული შეხედულებების ან გრძნობების ტირანიისგან. საჭიროა დაცვა საზოგადოების მიდრეკილებისგან, სამოქალაქო სასჯელისგან განსხვავებული საშუალებებით საკუთარი იდეები და ჩვევები ქცევის წესებად მოახვიოს თავს მათ, ვინც მას არ ეთანხმება, შეუბორკოს განვითარება და, თუ შესაძლებელია, ხელი შეუშალოს ჩამოყალიბებაში ისეთ ინდივიდუალობას, რომელიც არ არის ჰარმონიაში მის წესებთან, ყველა ხასიათს მის საკუთარ მოდელზე მორგება აიძულოს“.

ეს ნააზრევი ქვაკუთხედია სამართლებრივი სახელმწიფოს ასაშენებლად, რომლის დამკვიდრებაც საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით საქართველოს მოქალაქეებს ურყევ ნებად გვაქვს გაცხადებული. სამართლებრივი სახელმწიფო სხვა კრიტერიუმებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნას, რომ კანონისა და ზოგადად  შეზღუდვის დაწესება რაციონალურ საჭიროებებს ეფუძნებოდეს და არა მორალსა და ზნეობას. მაგრამ ეს ადამიანები არად დაგიდევენ თავად სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. მათთვის არაფერია საქართველოს კონსტიტუცია, არც ახალი და არც ძველი. მათთვის არაფერია მე-19 საუკუნის მოღვაწეთა (ილია, ვაჟა, აკაკი და სხვანი) ნააზრევი. მათთვის საზომია ბრმა, არარაციონალური რწმენები, რომელიც მათთვის საბოლოო ჯამში ძალიანაც რაციონალურ სიკეთეებს იძლევა – იბატონონ და ჰყავდეთ მონები.

ადამიანები, რომლებმაც თავი დააღწიეს ამ მონობას, მე-19 საუკუნის სამოციან წლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთიდან ჩრდილოეთში გაქცეულ მონებს ჰგვანან, რომელთაც თავისუფლება მოიპოვეს და ახლა სხვების თავისუფლებისთვის იბრძვიან. საბედნიეროდ, მათი რაოდენობა საქართველოში დღითი დღე იზრდება. მათ მხარეს სიმართლეა, მათ მხარეს ისტორიული გამოცდილებაა და გარდაუვალია მათი გამარჯვება. უბრალოდ გვეჩქარება.

ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება თავისუფალი საზოგადოება, რომელიც თავისუფალი ადამიანებისაგან შედგება. სწორედ ბევრი თავისუფალი ადამიანია ის ძალა, რომელმაც უნდა შექმნას საქართველოს მომავალი. გვჭირდება ადამიანები, რომლებიც თავად წყვეტენ – მათთვის რა არის კარგი და რა ცუდი. ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ სხვის თავისუფლებას და ამ თავისუფლებით არიან შებოჭილები. თუ ილია ჭავჭავაძეს დავესესხებით, „საცა ეგ არ არის, იმ კაცთა საზოგადოებური ცხოვრება, რომელიც ერთმანეთზედ დამოუკიდებლად და გადუბმელად შეუძლებელია, მარტო ძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმანეთის ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა. მაშინ ყოფა ადამიანისა ნადირთ ყოფაა და ადამიანი, ეგ კერძი ღვთისა, ნადირად გადაქცეულია“.

ეს თავისუფლება არანაირად არ უპირისპირდება არავის რწმენას, არავის რელიგიას. პირიქით. სწორედ თავისუფალება აძლევს ადამიანებს საშუალებას, სწამდეთ გულწრფელად. სწამდეთ გულმხურვალედ.

ეს თავისუფლება არანაირად არ უპირისპირდება მორალს, ზნეობას. პირიქით. სწორედ ეს თავისუფლება აძლევს ადამიანებს საშუალებას თავად გადაწყვიტონ – რა არის მორალური და რა ამორალური.

ეს თავისუფლება არანაირად არ უპირისპირდება სახელმწიფოებრიობას. პირიქით, ეს თავისუფლება არის ის მონაპოვარი, რაზეც დღეს მყარად დგას მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოები.

ეს თავისუფლება უპირისპირდება მხოლოდ მონობას.

ზიგმუნდ ფროიდს შეხედულებით, „ადამიანთა უმრავლესობას არ უნდა თავისუფლება, რადგან თავისუფლება მოიცავს პასუხისმგებლობას, ხოლო ადამიანთა უმრავლესობას ეშინია პასუხისმგებლობის“. ჩვენ დღეს თუ რამე უნდა დავამტკიცოთ, ისაა, რომ ვართ უშიშრები და ჩვენ არ გვეშინია პასუხისმგებლობის. შესაბამისად, ჩვენ არ გვეშინია თავისუფლების, რადგან იმაზე უარესი არაფერია, ვიდრე მონობაა.

და ბოლოს, შეიძლება ვინმემ მითხრას, შენ ხომ გაქვს შენი თავისუფლება და შეგვეშვიო. არ მაქვს, რადგან  – „ვერავინ ვერ იქნება თავისუფალი მანამ, სანამ ყველა არ გათავისუფლდება“ (ნიკოლო მაკიაველი).

კომენტარები