საბერძნეთის კრიზისი

ციპრასი: საბერძნეთი ეკონომიკური ექსპერიმენტების ზონად იქცა

AFP

საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა და მოუწოდა, არ დაუშვან ევროკავშირის დაყოფა. ციპრასმა ევროკავშირის ანტიკრიზისული გეგმები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საბერძნეთი საცდელ ლაბორატორიად აქციეს.

"მინდა, დავარწმუნო ევროპარლამენტი, რომ კრიზისის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას. მოვითხოვთ მეზობლებთან ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც ნიშანს მოგვცემს, რომ გრძელვადიანი საფუძველი გვაქვს კრიზისიდან გამოსასვლელად. გვირაბის ბოლოს სინათლეს დავინახავთ. მკაცრმა ეკონომიკურმა ზომებმა საბერძნეთი ეკონომიკური ექსპერიმენტების ზონად აქციეს - ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა. ბერძენი ხალხი წინააღმდეგ წავიდა და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ", - განაცხადა ციპრასმა.

"ვთხოვეთ პრემიერს, წარმოედგინა მთავრობის ხედვა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ქვეყნის განვითარებას - მოლაპარაკების ყველა მონაწილე იზიარებს პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებზე. მოვუწოდებ ლიდერებს, გააკეთონ ყველაფერი კარგი შედეგის მისაღწევად - წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მოლაპარაკებების დასრულების ნიშანი. ყველაზე ცუდი სცენარის ჩათვლით, სადაც ყველა დამარცხებული იქნება", - თქვა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

ციპრასი ბრიუსელიდან სტრასბურგში ჩავიდა, სადაც ევროზონის ლიდერებმა მას ახალი წინადადების წარდგენა მოსთხოვეს - შეთანხმების მისაღწევად მხარეებს ვადა კვირის ბოლომდე აქვთ. საბერძნეთის ხელისუფლება უკვე ოფიციალურად ითხოვს რიგით მესამე ფინანსურ დახმარებას. თავის მხრივ, ევროკომისია მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში ევროზონიდან საბერძნეთის გასვლის ვარიანტებს განიხილავს.

"კომისია მზად არის ყველაფრისთვის - დეტალურად გვაქვს მომზადებული საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის სცენარი. მე ამის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ არც მისი აღკვეთა შემიძლია", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა.

მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ორშაბათიდან საბერძნეთს დეფოლტის ოფიციალურად გამოცხადება მოუწევს. 

 

კომენტარები