ეკონომიკა

ჩინური ბირჟები ვარდნას განაგრძობენ - საერთო დანაკარგი $3.2 ტრილიონს აჭარბებს

forbes.com

ჩინური საფონდო ბირჟები ვარდნას განაგრძობენ, ბოლო სამი დღის მანძილზე დანაკარგი $2.5 ტრილიონია, ივნისთან შედარებით კი დანაკარგი $3.2 ტრილიონს აჭარბებს. აქციების ფასების მკვეთრი ვარდნა ქვეყნის 90 მილიონ მოქალაქეს შეეხო. 8 ივლისის მდგომარეობით პანიკური ვაჭრობა შენელებულია, თუმცა აქციები ვარდნას მაინც განაგრძობენ. მთავრობამ პანიკური ტალღის შეჩერების მიზნით 7 ივლისს იმ კომპანიების აქციებით ვაჭრობა, რომელთა ზარალმაც ერთ დღეში კაპიტალის 10%-ს გადააჭარბა გაყინა. ჩინური ბირჟების დანაკარგების მოცულობა საბერძნეთის მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით 20-ჯერ დიდია. 

Bloomberg-ის ცნობით ჩინური ბაზრების მსგავსი მასშტაბის ვარდნა 1992 წლის შემდეგ არ ყოფილა. ივნისთან შედარებით შანხაის კომპოზიტური ინდექსი 32%-ით, შენჟენის კი 40%-ით არის შემცირებული. საერთაშორისო ანალიტიკოსები უკვე საუბრობენ, რომ ჩინური "ბუშტი" გასკდომას იწყებს, რაც მთელი მსოფლიოს ეკონომიკისთის მნიშვნელოვანი რისკების შემცველია. გასული წლების მანძილზე ჩინური ბირჟები განვითარებული ქვეყნების საფონდო ბაზრებთან შედარებთ 10-ჯერ და 20-ჯერ მაღალი შემოსავლებით გამოირჩეოდნენ.

Goldman Sachs-ის ანგარიშის მიხედვით არსებული ვითარება განსაკუთრებული პესიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რადგანაც ვარდნის მიუხედავად შანხაის კომპოზიტური ინდექსი წინა წელთან შედარებით კვლავ 74%-ით , შენჟენის ინდექსი კი 84%-ით მაღლაა. ანგარიშში მთავრობის ეფექტურ ჩარევაზეც არის საუბარი, რომელმაც გასული დღეების მანძილზე კომპანიების მიერ აქციების ბაზარზე გატანა (IPO) შეაჩერა, ასევე მრავალ ბაზარზე ვაჭრობა შეაჩერა, რათა პანიკურმა ფონმა არსებული კაპიტალის უფრო მეტად დაზიანება ვეღარ შეძლოს. 

ჩინურმა ბირჟებმა პიკურ წერტლის 12 ივნისს მიაღწიეს, როდესაც ქვეყნის საფონდო ბირჟებში არსებული კაპიტალის მოცულობამ ისტორიაში პირველად $10 ტრილიონს გადააჭარბა. 2015 წლის მაისიდან ზოგიერთი ინვესტორის განწყობა ნეგატიურად შეიცვალა, რადგანაც მრავალი ასეული კომპანიის აქციების ფასი არარეალურად გაიზარდა, რამაც მათზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია. ამავდროულად მრავალ წამყვან კომპანიას დაგეგმილთან შედარებით უფრო მცირე მოგება ჰქონდა, რამაც ამ კომპანიების აქციების ფასების კლება გამოიწვია. ბირჟებზე პანიკური ვაჭრობა ილისიდან დაიწყო. არსებულ ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი ევროპელი ინვესტორების მოლოდინების გაუარესებაა, რაც ევროზონის კრიზისს უკავშირდება. 

ჩინური საფონდო ბირჟების ვარდნამ უკვე გავლენა მოახდინა აზიურ ბაზრებზე. 7 ივლისს იაპონური Nikkei 225 3.1%-ით შემცირდა, ავსტრალიურმა საფონდო ბირჟებმა ვაჭრობა საშუალოდ 2%-იანი კლებით დაასრულეს, ასევე 1.2%-იანი წაგებით დაასრულეს ვაჭრობა სამხრეთ კორეულმა საფონდო ბირჟებმა.

ჩინეთში მიმდინარე მოვლენების გამო სპილენძის ფასები ექვსი წლის მინიმუმზე დავიდა, ნიკელის ფასები ერთ დღეში 5%-ით შემცირდა. ასევე სამი თვის მინიმუმზე დავიდა ნავთობის ფასები, 8 ივლისის მდგომარეობით ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი $56-ს შეადგენს. 

ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შერბილებული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. Goldman Sachs-ის ანგარიშის მიხედვით ცენტრალურმა ბანკმა ნოემბერში მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისტვის შეარბილა, ასევე ბანკებისთვის შეამცირა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. 

კომენტარები