დინამო ევროპა ლიგაზე 2015

გეგუჩაძე: გაბალასთან ძალიან რთული დაპირისპირება გველის

fcdinamo.ge

9 ივლისს, უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, აზერბაიჯანური გაბალა თბილისის დინამოს უმასპინძლებს.

ერთი კვირით ადრე, გია გეგუჩაძის გუნდმა გაბალა 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 51-ე წუთზე არბიტრმა გიორგი გველესიანი გააძევა და მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

დინამოს ფეხბურთელები უკვე გაბალაში არიან და ადგილობრივ სტადიონზე ივარჯიშეს კიდეც. დღესვე გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც გეგუჩაძემაც და გრიგორჩუკმაც უპასუხეს მედიის წარმომადგენლების კითხვებს.

"ყველანი ველოდებით ხვალინდელ დაპირისპირებას, რომელიც ურთულესი იქნება. თბილისური მატჩი ჩვენთვის არასასურველი ანგარიშით დასრულდა, თუმცა ხვალ გამარჯვებას ვიმედოვნებ. ჩვენ კარგად გავაანალიზეთ პირველი მატჩში დაშვებული შეცდომები და შევეცდებით მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. გაბალას სტადიონს გულშემატკივარი აზერბაიჯანის ჩემპიონატში არ აკლია, ხვალ კი რა თქმა უნდა გაცილებით დიდი ინტერესი იქნება და ხმაურიანი მხარდაჭერა გარანტირებული გვექნება," - თქვა გაბალას მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა.

დინამოს თავკაცის, გია გეგუჩაძის თქმით, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს.

"რა შეიძლება ითქვას ხვალინდელ მატჩზე? ისევე, როგორც პირველი თამაში, ძალიან რთული დაპირისპირება გველის გაბალასთან. ჩატარებული მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე კი შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. ჩვენ სრული შემადგენლობით ვემზადებით, თუმცა გვაქვს გარკვეული დანაკლისი. როგორც პირველ მატჩში, ეხლაც არ გვეყოლება დაშავებული ოთარ კაკაბაძე და გიორგი გველესიანი, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო. სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება," - ციტირებს გეგუჩაძის სიტყვებს დინამოს ოფიციალური ვებგვერდი.

რაც შეეხება შეხვედრას, ის 9 ივლისს 20 სთ-ზე დაიწყება და აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

კომენტარები