აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მოლაპარაკებები თბილისში გაიმართება

yimg.com

თბილისი 24-25 აგვისტოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის AIIB-ის მოლაპარაკებათა პირველ რაუნდს უმასპინძლებს. საქართველოს 57 ქვეყნის წარმომადგენლები და ახლადდაფუძნებული ბანკის გენერალური მდივანი ეწვევიან. თბილისში იმსჯელებენ ბანკის საწყისი კაპიტალის თაობაზე, ასევე გაეცნობიან აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიაწოდა.

"ფიქრობდნენ დაახლოებით 500 მილიარდ დოლარამდე, რომ ექნებოდა ამ ბანკს და მომავალში არ გამორიცხავენ ამ თანხის ზრდას. მე მქონდა ორმხივი შეხვედრები, შევხვდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს და ჩინეთის მხარემ დაადაატურა, რომ საქართველო არის მათთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა და ისინი მზად არიან, ამ ბანკით და ასევე სხვა საფინანსო ორგანიზაციებით ხელი შეუწყონ ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს განსაკუთრებით ეხება აბრეშუმის გზის პროექტის განზორციელებას, ასევე შეხვედრა გვქონდა ჩინეთის პრეზიდენტთან ბატონ სი ძინპინთან და მანაც დაადასტურა, რომ აბრეშუმის გზა მათთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც იმუშვებს მეზობლებთან ერთად. ჩვენ ჩინურ მხარეს ასევე მივაწოდეთ საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია. ახალდაფუძნებულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24-25 აგვისტოს თბილისში ჩაატაროს მოლაპარაკებათა რაუნდი, 57 ქვეყნის წარმომადგენელები ჩამოვლენ თბილისში, მათ შორის ჩამოვა ბანკის გენერალური მდივანი, ჯერჯერობით ბანკს არ ჰყავს პრეზიდენტი, ასევე ჩინეთის მხარის თხოვნაა, დავაჩქაროთ სადამფუძნებლო დოკუმენტების რატიფიკაციის პროცესი", - თქვა ხადურმა.

ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტს ხელი 28-29 ივნისს პეკინში მოეწერა. ბანკი მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და მისი კაპიტალი დაახლოებით $500 მილიარდი იქნება. ბანკის უმსხვილესი წილის, ანუ 30%-ის მფლობელი ჩინეთია. მეორე უმსხვილესი წილის მფლობელი კი ინდოეთია, Reuters-ის ცნობით, სავარაუდოდ, ინდოეთის წილი 10-15% იქნება. შემდეგ ადგილებზე რუსეთი და გერმანია იქნებიან. 

წევრობასთან დაკავშირებით იაპონიას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. 

ადმინისტრაციისვე ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრს ჩინეთში გამართული ორმხრივი შეხვედრებისას დაუდასტურეს, რომ საქართველო მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანაა და მზად არიან, როგორც ახალი ბანკის, ისე სხვა ინსტიტუტების მეშვეობით ხელი შეუწყონ ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას, განსაკუთრებით კი აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას.

საერთაშორისო ანალიტიკოსების შეფასებით, AIIB მსოფლიო საფინანსო ბაზარზე ჩინეთის პოზიციების გამყარებასა და აზიაში ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდას შეუწყობს ხელს. BBC-ის ცნობით, ბანკის თავდაპირველი კაპიტალის მოცულობა $50 მილიარდია, თუმცა მისი $100-მილიარდამდე ზრდა იგეგემება. 

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ჯიმ იონგ კიმის თქმით, "განვითარებად ქვეყნებში არსებული ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს, რომლის დაფინანსებასაც ცალკე აღებული ვერცერთი საფინანსო ორგანიზაცია ვერ შეძლებს, ამიტომაც ახალი ორგანიზაცია ამ მიმართულებით აზიის რეგიონში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს".

ბანკის დამფუძნებლებს შორის არიან რეგიონის შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბანგლადეში, ბრუნეი დარუსალამი, კამბოჯა, ჩინეთი, საქართველო, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ისრაელი, იორდანია, ყაზახეთი, კორეა, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, მალაიზია, მალდივები, მონღოლეთი, მიანმარი, ნეპალი, ახალი ზელანდია, ომანი, პაკისტანი, ფილიპინები, ყატარი, რუსეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, შრილანკა, ტაჯიკეთი, ტაილანდი, თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, უზბეკეთი, ვიეტნამი. 

წევრები არიან ასევე: ავსტრია, ბრაზილია, დანია, ეგვიპტე, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო.

აღნიშნულ ბანკში გაწევრიანება საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებითი შეღავათიანი ფინანსური რესურსი მოიზიდოს. 

კომენტარები