მედიის განვითარების ფონდის ანგარიში

MDF: კვლევაში არ შესულა გამოწერის თანხები, მთავრობა მონაცემებით მანიპულირებს

მედიის განვითარების ფონდი მთავრობის ადმინისტრაციის გუშინდელ განცხადებას მონაცემებით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს. MDF-ის განმარტებით, კვლევაში, რომელიც ანტიდასავლურ მედიაში საბიუჯეტო სახსრებს ეხებოდა, საერთოდ არ შესულა სახელმწიფო უწყებების მიერ ბეჭდური მედიის გამოწერის თანხები. მედიის განვითარების ფონდი აღნიშნავს, რომ კვლევაში მნიშვნელოვანი იყო არა თანხების მოცულობა, არამედ მათი დაუფარავი დისკრიმინაციული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაზე გაცემა. იმის საილუსტრაციოდ, რომ კვლევაში ასახული მონაცემები სარეკლამო ხელშეკრულებებს შეეხება და არა გაზეთის გამოწერას, MDF განცხადებას თან ურთავს რამდენიმე კონტრაქტის ასლს, ასევე იმ ხელშეკრულების ასლებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამინისტროს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ფონდს სასამართლო დავის ეტაპზე მიაწოდეს.

"8 ივნისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელიც მედიის განვითარების ფონდის კვლევას „საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მედიაში" ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, თითქოს MDF-ის ანგარიშში საუბარია არა კონტრაქტებზე, არამედ, ბეჭდური პრესის გამოწერაზე, განურჩევლად მათი საინფორმაციო პოლიტიკისა. ვთვლით, რომ მთავრობის ადმინისტრაციის კომენტარი არის მონაცემებით მანიპულირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს კვლევაში საერთოდ არ შესულა სახელმწიფო უწყებების მიერ ბეჭდური მედიის გამოწერის თანხები და შესაბამისად, ეს არგუმენტი იმ პრობლემის ასახსნელად ვერ გამოდგება, რომელსაც ჩვენი ანგარიში ასახავდა. კვლევის მიზანი იყო, ეჩვენებინა, რამდენად იცავს სახელმწიფო ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას, რომელიც რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიას (ECRI) ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოებისადმი აქვს შემუშავებული და ავალდებულებს ხელისუფლებებს, არადისკრიმინაციული პოლიტიკის დაცვა კონტრაქტების გაცემის წინაპირობად აქციონ. ამდენად, კვლევაში მნიშვნელოვანი იყო არა თანხების მოცულობა, არამედ მათი იმ მედიებზე გაცემის მიზენშეწონილობის პრობლების ჩვენება, რომელთაც დაუფარავი დისკრიმინაციული სარედაქციო პოლიტიკა აქვთ.

და ბოლოს, პრესსამსახურის განცხადება მხედველობაშიც რომც მივიღოთ, ერთობ არადამაჯერებელ სურათს ვიღებთ: ქვემოთ მოყვანილი წლიური სახელშეკრულებო თანხების მიხედვით გამოდის, რომ საშუალოდ თითო გაზეთის ღირებულება ცალკეულ უწყებას გამოწერით სულ მცირე 25-დან 100 ლარამდე უჯდება, მაშინ, როცა მათი საცალო ღირებულება 1 ლარიდან 2,50 ლარამდეა. ხოლო ჟურნალი ტაბულა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში იმ გამოცემათა ჩამონათვალშია მოყვანილი, რომელთაც სახელმწიფო უწყებები იწერენ, თავად ტაბულას რედაქციის განმარტებით, უკვე ერთი წელია აღარ გამოდის", - აცხადებს მედიის განვითარების ფონდი.

მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, იმ მედიასაშუალებებიდან, რომლებიც სიძულვილის ენით, ქსენოფობიით, ჰომოფობიითა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებით გამოირჩევიან, რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო დაფინანსება 2013-2014 წლებში შემდეგ ორგანიზაციებს აქვთ მიღებული: გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" (63 923.33 ლარი), მედია-კავშირი "ობიექტივი" (52 167,84 ლარი), "ალია" ჰოლდინგში შემავალი გამოცემები: გაზეთები "ალია" და "კვირის ქრონიკა" (48 650 ლარი - არასრული მონაცემი [1] ), ასევე გაზეთი "ასავალ-დასავალი" (1 200 ლარი). შპს "ეტალონ-მედიას" 2015 წელს გადაცემის მოსამზადებლად, რომელიც "ობიექტივის" ეთერში გადის, 68 616.01 ლარი აქვს მიღებული. ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრუსელის კორესპონდენტის ინტერესთა კონფლიქტზე, შპს "ეტალონის" მიერ კანონმდებლობის დარღვევით "ობიექტივის" ეთერში მაუწყებლობაზე და ადმინისტრაციული ორგანოების სარედაქციო საკითხებში ჩარევაზე, რუსულენოვან წყაროებზე "ობიექტივსა" და მის პარტნიორ მედიაორგანიზაციებში, პარტნიორთა კავშირთან "ობიექტივის" კავშირებზე და სხვა მედიასაშუალებებზე, რომლებიც დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ და საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ.

MDF-ის კვლევას მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ უპასუხა და განაცხადა, რომ ცალკეულ უწყებებს გამოწერილი აქვთ ყველა ბეჭდური გამოცემა, მათ შორის ჟურნალი ტაბულა, რომელიც უკვე ერთი წელია აღარ გამოდის. მთავრობის მტკიცებით, "საუბარია არა კონტრაქტებზე, არამედ, ბეჭდური პრესის გამოწერაზე, განურჩევლად მათი საინფორმაციო პოლიტიკისა".

 

კომენტარები