UEFA-ს სუპერთასი

სუპერთასის ბილეთების გაყიდვა სალაროებში ხვალ 09:00 საათიდან დაიწყება

gff.ge

UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში ხვალ, 12 ივლისს, დილის 09:00 საათიდან დაიწყება.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას თქმით, ფედერაცია, შსს-სთან ერთად, ჯებირების დაყენებას დღეს საღამოს დაიწყებს.

„ყველას ვთხოვ, რომ პროვოკაციებზე არ წავიდნენ, არაფერი ისეთი არ გააკეთონ, დადგნენ ცოცხალ რიგში ხვალ დილის ცხრა საათიდან და შეიძინონ ბილეთები" - ამბობს ზვიად სიჭინავა.

სუპერთასის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელის ლაშა დვალიშვილის თქმით, UEFA სრულად არის ჩართული პროცესში, ყველა ინფორმაციას ფლობს და ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღიც მასთან შეთანხმებულია.

ფეხბურთის გულშემატკივრები კი ვაკის პარკში დილიდან იკრიბებიან. მატჩზე დასწრების მსურველები ხვალინდელ რიგში ადგილის დაკავებისთვის წინასწარ ემზადებიან და სპეციალურ სიებსაც ადგენენ.

ვაკის პარკიდან სტადიონის სალაროებთან მოხვედრისა და ბილეთის შეძენის ინსტრუქცია ფეხბურთის ფედერაციამ ორი დღის წინ გამოაქვეყნა.

ბილეთის მოსაპოვებლად ცოცხალ რიგში დგომა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც UEFA-ს მიერ შერჩეული საიტი BILETEBI.GE მრავალრიცხოვან მსურველთათვის ბილეთების მიყიდისთვის ტექნიკურად მზად არ აღმოჩნდა.

UEFA-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელზეც ერთმანეთს ბარსელონა და სევილია დაუპირისპირდებიან, თბილისში 11 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები