რუსეთის აგრესია უკრაინაში

რადიო თავისუფლების ექსრეპორტიორი ბაბიცკი დონბასში პრორუსულ ტელევიზიას ხსნის

ანდრეი ბაბიცკი
AFP

დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკაში ახალი ტელევიზია შეიქმნება, რომელსაც რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურნალისტი ანდრეი ბაბიცკი უხელმძღვანელებს. ეს ის ჟურნალისტია, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე რუსეთში მოღალატედ მოიხსენიებდნენ. 

ბაბიცკი ახლა ამბობს, რომ უკრაინის კონფლიქტის დასავლური გაშუქება უსამართლოა, ფოკუსირებულია რუსეთის აგრესიასა და ლოკალური კონტექსტის უგულვებელყოფაზე. მან თავისი ახალი პროექტი აღწერა, როგორც დამოუკიდებელი არხი, რომელსაც თავისი ნიშა ექნება. ბაბიცკის თქმით, არხს არ აქვს კავშირი დონეცკის ხელისუფლებასთან და მას ადგილობრივი ბიზნესმენი აფინანსებს. დასაწყისისთვის ბაბიცკი გეგმავს, დაიქირავოს დაახლოებით 6 ადამიანი, არხი მაუწყებლობას ერთ თვეში დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ ბაბიცკი რადიო თავისუფლებაში მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა, გასულ წელს კი დაითხოვეს. მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტის გაშუქების გამო. რადიო თავისუფლებაში კი ამ მიზეზს სიცრუეს უწოდებენ და ამბობენ, რომ დათხოვნას კავშირი უკრაინის კონფლიქტის გაშუქებასთან არ აქვს.

ბრიტანულ გამოცემა Guardian-თან ინტერვიუში ბაბიცკი ამბობს, რომ მისი დათხოვნის მიზეზი გახდა სტატია, რომელშიც მხარს უჭერდა პუტინის მიერ ყირიმის ანექსიას. თუმცა, ბაბიცკი ამას არა ანექსიას უწოდებს, არამედ "პუტინის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს ყირიმის მოსახლეობას."

"ვხედავ, ამ კონფლიქტმა რუსეთსა და დასავლეთს შორის სიტუაცია მკვეთრად შეცვალა. რადიო თავისუფლება კი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ჟურნალისტური ორგანიზაცია იყო, პროპაგანდის ინსტრუმენტი გახდა", - ამბობს ბაბიცკი.

ანდრეი ბაბიცკი ცნობილი ჩეჩნეთის ომის გაშუქებისას გახდა, როდესაც რუსეთი ცდილობდა რესპუბლიკაზე კონტროლის დამყარებას. Guradian-ის ცნობით, რადიო თავისუფლებისთვის მომზადებული მასალები ჩეჩნური მხარის სასარგებლოდ განიხილებოდა. 2000 წლის დასაწყისში, პუტინის პრეზიდენტობის დროს, ბაბიცკი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაიტაცეს და რამდენიმე კვირის მანძილზე გაუჩინარებული იყო. როდესაც გათავისუფლდა, მან რუსეთი დატოვა. "შეუძლებელი გახდა რუსეთში ჟურნალისტად მუშაობა", - ამბობდა ის. შემდგომ ბაბიცკი პრაღაში ცხოვრობდა და რადიო თავისუფლებისთვის აგრძელებდა მუშაობას.

კომენტარები