UEFA-ს სუპერთასი

სიჭინავა: სალაროები იმუშავებენ იქამდე, სანამ არ გაიყიდება ბოლო ბილეთი

Georgian Football Federation/Fb.com

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, დღეს 21:00 საათზე ბილეთების გაყიდვა არ შეწყდება და სალაროები იმუშავებენ იქამდე, სანამ ბოლო ბილეთი არ გაიყიდება. აღნიშნული განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

"ამ წუთისთვის, ჩვენი ინფორმაციით, 8700 ბილეთია გაყიდული. ფედერაციის მხრიდან ბილეთების გაყიდვაზე პრობლემები არ არის. ფედერაციამ გაითვალისწინა, რომ ხალხი ვაკის პარკში ღამეებს ათენებს და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რომ ბილეთების გაყიდვა არ შეწყდება. სალაროები იმუშავებს იქამდე, სანამ არ გაიყიდება ბოლო ბილეთი", - თქვა სიჭინავამ.

ამასთან, UEFA-ს სუპერთასის ბილეთების რიგში მყოფი ორი ადამიანი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მანამდე კრუნჩხვის დიაგნოზით კიდევ ერთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ვაკის პარკში ცოცხალი რიგია.

UEFA-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელზეც ბარსელონა და სევილია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თბილისში 11 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები