საბერძნეთის კრიზისი

ევროპელმა ლიდერებმა საბერძნეთის კრიზისზე შეთანხმებას მიაღწიეს

დონალდ ტუსკი და ჟან-კლოდ იუნკერი
Olivier Hoslet / European Pressphoto Agency

დღეს, 13 ივლისს, ბრიუსელში 17-საათიანი მოალაპარაკებების შემდეგ ევროპელმა ლიდერებმა საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, შეთანხმების დადებითმა მხარეებმა უარყოფითი მხარეები გადასწონა, რის გამოც გერმანულმა მხარემ მასზე თანხმობა განაცხადა. 

"ევროსამიტმა ერთხმად მიიღო შეთანხმება", - დაწერა საკუთარ Twitter-ზე ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. მისი თქმით, ახალი შეთანხმებით საბერძნეთი მრავალ მნიშვნელოვან რეფორმას გაატარებს, რის სანაცვლოდაც ფინანსურ დახმარებას მიიღებს. 

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში საბერძნეთს პრივატიზაციის ახალი პროგრამის დაწყება მოუწევს. საუბარი ეხება სახელმწიფოს კუთვნილი პორტების პრივატიზაციას, რომლიდან მიღებული თანხაც ახალ €50-მილიარდიან ფონდში გადაირიცხება და ქვეყნის საგარეო ვალის დაფინანსებას მოხმარდება. ეს ფონდი საბერძნეთის კრედიტორების მიერ იქნება მართული. ასევე საბერძნეთს დამატებითი ღირებულების გადასახადის გაზრდა და სოციალური ხარჯების შემცირება მოუწევს.

2010 წლის შემდეგ ეს საბერძნეთისთვის მესამე ფინანსური დახმარების პაკეტი იქნება, თუმცა ქვეყანას მის მისაღებად მთელი რიგი ეკონომიკური რეფორმების გატარება ევალება. 

დღეს მიღწეული შეთანხმება საბოლოო არ არის, რადგანაც ამ შეთანხმების ფარგლებში უნდა გაიმართოს შემდგომი მოლაპარაკებები, თუ კონკრეტულად რა სახის დახმარებას მიიღებს საბერძნეთი. დღეს მიღწეული შეთანხმების შედეგად ევროპის ცენტრალური ბანკი ECB გააგრძელებს ბერძნული ბანკებისთვის ფინანსური დახმარების €90-მილიარდიან პროგრამას, რომლის გარეშეც ქვეყნის საბანკო სისტემა ლიკვიდობას დაკარგავს და კოლაფსში აღმოჩნდება. 

მოლაპარაკებების დროს საბერძნეთის მიერ წარმოდგენილი რეფორმების გეგმაც განიხილებოდა, ბერძნულმა მთავრობამ რეფერენდუმიდან ერთი კვირის შემდეგ წარუდგინა რეფორმათა ის პაკეტი, რომელსაც რეფერენდუმზე მოსახლეობის 60%-მა მხარი არ დაუჭირა.

საბერძნეთს საერთაშორისო კრედიტორების მიმართ €317 მილიარდი ევრო მართებს, რაც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 177%-ია. ქვეყნის ყველაზე დიდი კრედიტორი გერმანიაა. 

 
 

კომენტარები