დონალდ ტუსკი საქართველოში

ხვალ, საქართველოს დონალდ ტუსკი ეწვევა

wiwo.de

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი 14 ივლისს საქართველოს ეწვევა. ტუსკი და გიორგი მარგველაშვილი ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

"14 და 15 ივლისს დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში. ეს არის დონალდ ტუსკის პირველი ვიზიტი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში. ვიზიტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებების ფონზე, რომელიც ორი დღის წინ საოკუპაციო ზოლის კიდევ ერთხელ გადმოწევას უკავშირდება.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ყველა საერთაშორისო შეხვედრა იწყება ამ საკითხების განხილვით და, ბუნებრივია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული და ორი დღის წინ შექმნილი ვითარება, საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება. შეხვედრისას ასევე განიხილავენ საკითხების ფართო სპექტრს, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, ასოცირების დღის წესრიგის შესრულებას, და ზოგადად, რიგის სამიტის შედეგების იმპლემენტაციასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება", - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტუსკი შეხვედრებს თბილისშიც გამართავს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 16 ივლისს დასრულდება.

 

კომენტარები