საბერძნეთის კრიზისი

ათენს სირიზას მიღებული კანონების გაუქმება და ბაზრის ლიბერალიზაცია დაევალა

Getty Images

საბერძნეთი დღეს, 13 ივნისს, ბრიუსელში მიღებული შეთანხმებით ევროზონაში დარჩება და ახალ€86-მილიარდიან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. დახმარების სანაცვლოდ კი ქვეყნის მმართველ რადიკალურ მემარცხენე პარტია სირიზას დაჩქარებული წესით ამ ოთხშაბათამდე, ანუ 15 ივლისამდე დაევალა მკაცრი რეფორმების პაკეტის რატიფიკაცია, რომელიც გასული ექვსთვიანი მმართველობის დროს სირიზას მიღებული ზოგიერთი კანონის გაუქმებასაც მოითხოვს. ანგელა მერკელის თქმით, საბერძნეთმა ნდობა თავიდან უნდა მოიპოვოს. Bloomberg-ის ცნობით, 17-საათიანი მოლაპარაკებების დროს ალექსის ციპრასი პოლიტიკურ დათმობაზე წასვლას საკუთარი გუნდის წევრებთან ათანხმებდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ევროკავშირი საბერძნეთს ფინანსურ დახმარებას რეფერენდუმამდე ქვეყნისთვის უფრო მოგებიანი პირობებით აძლევდა, რის შემდეგაც ალექსის ციპრასის დესტრუქციული ნაბიჯების გამო ევროპელი ლიდერების კეთილგანწყობა შეიცვალა. 

მისაღები სტრუქტურული რეფორმების პაკეტი კი ასე გამოიყურება:

  • უნდა დაიწყოს ფართომასშტაბიანი და გამჭვირვალე პრივატიზაციის პროგრამა, რომლითაც ქვეყნის სუვერენული ვალის ნაწილის დაფარვა მოხდება.
  • დამატებითი ღირებულებისა და სხვა გადასახადების განაკვეთის გაზრდა.
  • უნდა გატარდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით და შემცირდეს საპენსიო დახმარების მოცულობა.
  • გასული ექვსთვიანი პერიოდის მანძილზე მიღებული ზოგიერთი კანონის გაუქმება უნდა მოხდეს.
  • საბერძნეთის საბაზრო ეკონომიკის ძირეული ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს და მთელი რიგი ბაზრები, მათ შორის ფარმაცევტული ბაზარიც კონკურენციისთვის უფრო ღია უნდა გახდეს. ქვეყანას OECD-ის რეკომენდაციების გათვალიწინებაც დაევალა.
  • ქვეყნის შრომის ბაზრის შესახებ მკაცრი მიმოხილვა უნდა მომზადდეს, აღნიშნული პუნქტი საბერძნეთის ჩრდილოვანი ეკონომიკისა და არალეგალური სამუშაო ძალის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას შეეხება.
  • უნდა მოხდეს ქვეყნის მმართველობის სისტემის დეპოლიტიზება.
  • საბერძნეთის ცენტრალური სტატისტიკის ბიუროს მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. (საბერძნეთის სტატისტიკის ბიურომ 1999 წელს ევროზონაში შესასვლელად მონაცემები გააყალბა)
  • ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება.

დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში საბერძნეთს პრივატიზაციის ახალი პროგრამის დაწყება მოუწევს. საუბარი ეხება სახელმწიფოს კუთვნილი პორტების პრივატიზაციას, რომლიდან მიღებული თანხაც ახალ €50-მილიარდიან ფონდში გადაირიცხება და ქვეყნის საგარეო ვალის დაფინანსებას მოხმარდება. ეს ფონდი საბერძნეთის კრედიტორების მიერ იქნება მართული. ასევე საბერძნეთს დამატებითი ღირებულების გადასახადის გაზრდა და სოციალური ხარჯების შემცირება მოუწევს.

2010 წლის შემდეგ ეს საბერძნეთისთვის მესამე ფინანსური დახმარების პაკეტი იქნება, თუმცა ქვეყანას მის მისაღებად მთელი რიგი ეკონომიკური რეფორმების გატარება ევალება. 

დღეს მიღწეული შეთანხმება საბოლოო არ არის, რადგანაც ამ შეთანხმების ფარგლებში უნდა გაიმართოს შემდგომი მოლაპარაკებები, თუ კონკრეტულად რა სახის დახმარებას მიიღებს საბერძნეთი. დღეს მიღწეული შეთანხმების შედეგად ევროპის ცენტრალური ბანკი ECB გააგრძელებს ბერძნული ბანკებისთვის ფინანსური დახმარების €90-მილიარდიან პროგრამას, რომლის გარეშეც ქვეყნის საბანკო სისტემა ლიკვიდობას დაკარგავს და კოლაფსში აღმოჩნდება. 

მოლაპარაკებების დროს საბერძნეთის მიერ წარმოდგენილი რეფორმების გეგმაც განიხილებოდა, ბერძნულმა მთავრობამ რეფერენდუმიდან ერთი კვირის შემდეგ წარუდგინა რეფორმათა ის პაკეტი, რომელსაც რეფერენდუმზე მოსახლეობის 60%-მა მხარი არ დაუჭირა.

საბერძნეთს საერთაშორისო კრედიტორების მიმართ €317 მილიარდი ევრო მართებს, რაც მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 177%-ია. ქვეყნის ყველაზე დიდი კრედიტორი გერმანიაა. 

 
 

კომენტარები