რეკლამა

არმინ ვან ბიურენი - ტრანს-მუსიკა Gem Fest-ზე

არმინ ვან ბიურენი
GEM Fest

"ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა გავმხდარიყავი ნომერ პირველი დიჯეი. არასდროს ვიღვიძებდი დილით იმაზე ფიქრში, თუ როგორ გავმხდარიყავი საუკეთესო, ან როგორ მეშოვა ბევრი ფული. ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, ჩემი მუსიკისადმი დამოკიდებულებით იყო განპირობებული", - ყველაფერი ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენში დაიწყო, როდესაც 10 წლის არმინს პირველი კომპიუტერი უყიდეს. ტექნოლოგიებისადმი სიყვარულმა ბგერის ელექტრონული წარმოშობის პროცესთან უფრო მეტად დააახლოვა და ცხოვრების მთავარი მოწოდებაც განუსაზღვრა. კონკრეტულად საცეკვაო მუსიკისადმი ინტერესის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კი ელექტრონული მუსიკის პიონერი ჟან მიშელ ჟარე იყო, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, დღემდე მისი ყველაზე დიდი შთაგონების წყაროა.

პირველი მუსიკალური წარმატება მის ცნობილ ტრეკს - Blue Fear-ს უკავშირდება, რომელიც Cyber Records-ზე 1995 წელს გამოიცა. ამ დროს არმინი მხოლოდ 19 წლის იყო. ზემოხსენებული რელიზით დაწყებული წარმატება გააგრძელა Communication-მა, რომელიც დღემდე ვან ბიურენის ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიციად მიიჩნევა. პროდუსინგის პარალელურად, იგი ლეიდენის კლუბ Nexus-ში დიჯეიდ მუშაობდა და სკოლის შემდეგ დარჩენილ თავისუფალ დროს მთლიანად დიჯეინგის ტექნიკის შესწავლისთვის იყენებდა. 1999 წელს მან დააარსა თავისი პირველი ლეიბლი Armind, რომელიც ტრანს და პროგრესივის ჟანრის მუსიკალურ პროდუქციას არელიზებდა. ერთი წლის შემდეგ კი კომპილაციური ალბომების სერიას დაედო საფუძველი, რომელიც, თავის მხრივ, ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რადიოშოუს წინამორბედი იყო.

A State of Trance - ეს სახელი აერთიანებს ყველაფერ იმას, რასაც არმინი დღემდე აქტიურად აკეთებს: საკონცერტო ტურებს, რადიოშოუს და კომპილაციურ ალბომებს, რომლის სტუმარიც ქართველი პროდუსერი, Nuera-ც იყო თავისი სამარკო ტრეკით Green Cape Sunset. 2001 წელს არმინი პირველად მოხვდა DJ Magazine-ს გამოკითხვის მიხედვით შედგენილ Top 100 დიჯეების სიაში. ეს მოვლენა მისი კარიერისთვის პირველი ყველაზე პოზიტიური მომენტი იყო, რადგან ამის შემდეგ მას მსოფლიოს სხვადასხვა კლუბებში აქტიურად იწვევდნენ. მოგვიანებით მან DJ Magazine-ს ყველა რეკორდი მოხსნა და ამ სიის სათავეში 5-ჯერ მოექცა. მისი ყოველკვირეული რადიოშოუ კი ამ წარმატების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო.

"როდესაც A State of Trance დავიწყე, თავს მუდმივად ვარწმუნებდი, რომ ის მხოლოდ იმ დრომდე იცოცხლებდა, სანამ მუსიკა, რომელსაც დავუკრავდი, შთაგონების წყარო იქნებოდა ჩემთვის და სხვისთვისაც. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ყოველკვირეულად 2-საათიანი შოუ საკმარისი არ არის და კარგი მუსიკაც მუდმივად მოიძებნება", - ამ იდეით დაწყებული პროექტი უკვე 15 წელზე მეტია, ტარნსის და პროგრესივის მსმენელისთვის ახალი მუსიკის პოვნის საუკეთესო საშუალებად იქცა. ASOT (A State of Trance) რიგით მე-500 გადაცემა კი 2011 წელს დიდი ტურნეს დაწყების მიზეზი გახდა. მთელი წლის მანძილზე 5 კონტინენტი და 5 ქალაქი მასპინძლობდა არმინს და მის მეგობრებს.

"ASOT-ს სინამდვილეში მუსიკის ფანები ქმნიან, მათ გარეშე ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა, ამიტომ ბედნიერი ვარ, რომ მათთან ერთად აღვნიშნავ ამ დღესასწაულს, რასაც მუსიკა ჰქვია", - ამბობს ბიურენი.

დიჯეინგის პარალელურად, არმინი თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი პროდუსერია, მან 5 სტუდიური ალბომი ჩაწერა, მათ შორის ბოლო - 2013 წელს. უკანასკნელი ალბომის, Intense-ს შესახებ იგი ამბობდა: "ყველა კომპოზიცია საკუთარი თავის რეფლექსიაა, ჩემი ცხოვრების ისტორია. მე, უბრალოდ, სტუდიაში ვიყავი და იმ იდეებს, რომლებიც მოდიოდა, თავის გზას ვუჩვენებდი".

2015 წლის მაისში არმინმა Mr Probz-თან ერთად ახალი ტრეკი, Another You ჩაწერა, რომელიც, როგორც უკევ ბევრჯერ ითქვა, ვან ბიურენის მე-6 სტუდიური ალბომის ნაწილიც იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მუსიკალური ორიენტირები მუდმივ ცვლილებებს განიცდის, ფაქტი ერთია: დღეს არმინ ვან ბიურენი ტრანს მუსიკის ყველაზე დიდი მედროშეა და მისი გავლენა ამ მუსიკის ბედს დიდწილად განსაზღვრავს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კონტრავერსულია მისი ალბომები და ტრეკები, ის ტრანსის და პროგრესივის მსენელისთვის ამ ჟანრის ოქროს წლებთან ასოცრიდება. ასეთი მსმენელები კი საქართველშიც ბევრნი არიან, სწორედ ამიტომ GEM Fest-ის ფარგლებში არმინ ვან ბიურენი საქართველოს, კერძოდ კი, ანაკლიას ეწვევა. W&W და Sunnery James & Ryan Marciano-თან ერთად 31 ივლისს იგი ჯემ ფესტივალს გახსნის და კიდევ ერთხელ შეეცდება მსმენელის დარწმუნებას, რომ ტრანსი და პროგრესივი ცოცხალია.

 

კომენტარები