ირანი და ექვსეული

ირანმა და დიდმა ექვსეულმა ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ირანმა და დიდმა ექვსეულმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ოფიციალური თეირანი ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას შეაჩერებს, სანაცვლოდ კი მის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შემსუბუქდება.

შეთანხმების მიხედვით, ირანი 10 წლის განმავლობაში შეაჩერებს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას, ასევე, 15 წელი არ ექნება წვდომა ბირთვულ საწვავსა და აღჭურვილობაზე. სანქციების შემსუბუქებით კი ქვეყანა ასობით მილიონს მიიღებს.

შეთანხმება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შევა და სანქციები მას შემდეგ შემსუბუქდება, როდესაც ირანი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დაუმტკიცებს, რომ ბირთვულ იარაღზე არ მუშაობს.

ბარაკ ობამა შეთანხმებით კმაყოფილია და მას ისტორიულს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, რადგან შეთანხმება აშშ-ის კონგრესმა უნდა მიიღოს, სადაც რესპუბლიკელები და დემოკრატების ნაწილი მისი ამ ფორმით მიღების წინააღმდეგები არიან.

ამ შეთანხმების წინააღმდეგია ისრაელი და საუდის არაბეთიც. ისრაელის პრემიერმინისტრის ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ამ შეთანხმებით ირანს ბირთვული იარაღისკენ გზა გაეხსნა. მეცნიერების მინისტრის დენი დანონის განცხადებით კი, ეს შეთანხმება არა მხოლოდ ცუდია ისრაელისთვის, არამედ სახიფათოა მთელი თავისუფალი მსოფლიოსთვის.

 

კომენტარები