პარლამენტის ბიურომ მცოცავ ანექსიაზე ენმ-ის რეზოლუცია განსახილველად არ მიიღო

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

პარლამენტის ბიურომ მცოცავ ანექსიაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილი რეზოლუცია განსახილველად არ მიიღო. ვიცესპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, "სისწრაფეში ხარისხი არ არის".

ბიუროს სხდომაზე რეზოლუცია ენმ-ის წევრებმა დღეს წარადგინეს:

"1. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საოკუპაციო ხაზის შემდგომ გადმოტანას საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში;

2. ვინაიდან 10-11 ივლისს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის 1 800-მეტრიანი მონაკვეთი და პოტენციური საფრთხე შეექმნა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალს;
3. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ქმედებები წარმოადგენს 1991 წლიდან დაწყებული სამხედრო აგრესიის გაგრძელებას და უკანასკნელ ხანს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს;
4. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის ხელის შეშლას და რუსეთის ე.წ. გავლენის სფეროში მოქცევას; 
5. ვინაიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა და მოქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, მათ შორის, ევროკავშირის შუამდგომლობით მიღებულ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას;

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი: 

გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებას - საოკუპაციო ხაზის მორიგ გადმოწევას.

საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

1. მოახდინოს ცივილიზებული სამყაროს ყურადღების მობილიზაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მიმართ, მათ შორის, უმაღლეს დონეზე კონტაქტების გზით;
2. მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა; 
3. მიმართოს ყველა ზომას, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციების მიზეზებში მოხვდეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ხოლო მოთხოვნებში - დეოკუპაცია; 
4. რეგულარულად აამოქმედოს საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მრავალმხრივი სამართლებრივი, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და სხვა ბერკეტები; 
5. აღადგინოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ განლაგებული ყველა გაუქმებული და შემცირებული პოლიციური დანაყოფი; 
6. გააუქმოს აბაშიძე-კარასინის ფორმატი და მოახდინოს ყურადღების მთელი კონცენტრაცია რუსეთთან მოლაპარაკებების ჟენევის ფორმატზე, სადაც შუამავლის სტატუსით მონაწილეობს ევროკავშირი და აშშ; 
7. აამუშაოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და სხვა სახის ბერკეტები და ინსტრუმენტები, რისთვისაც, პირველ რიგში, აუცილებელია რუსეთს და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ამოქმედება, რომელიც დღემდე არაა იმპლემენტირებული; 
8. საერთაშორისო აზრის ფორმირების მიზნით, გაააქტიუროს საერთაშორისო მედიასთან მუშაობა; 
9. გამართოს პოლიტიკური კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთიანი დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავების და მისი კოორდინირებულად განხორციელების მიზნით", - წერია რეზოლუციაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს გადმოსწიეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიწები.

 

კომენტარები