საწვავის ფასები

პრემიერი: არ მინდა, ნავთობკომპანიები დაიძაბონ

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიებისა და ეკონომიკური აგენტების 55 მილიონი ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით კომენტარი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ეს აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესია და კომპანიები არ უნდა დაიძაბონ.

"კონკურენციის სააგენტომ დაასრულა კვლევა და გუშინ ჩვენ ვიხილეთ პირველი შედეგები. ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი, მე არ მინდა, რომ კომპანიები დაიძაბონ. პირიქით, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ხელი უნდა შევუწყოთ ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, მომხმარებლები, მათი ინტერესები, რა თქმა უნდა, კომპანიის ინტერესებიც, მაგრამ უნდა წავახალისოთ ჯანსაღი კონკურენცია. ეს, რა თქმა უნდა, იყო და არის ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც ჩვენ ვიკისრეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრუკლებით და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებით. ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი, თუ კომპანიებს ექნებათ რაიმე პრეტენზიები და დავა, ეს გაგრძელდება სასამართლოში. ამ შემთხვევაში მთავრობა არ ერევა ამ პროცესში, ეს არის კონკურენციის სააგენტოს დისკრეციული უფლება და სწორედ მათი გადაწყვეტილება იყო აღნიშნული", - თქვა ღარიბაშვილმა.

კონკურენციის სააგენტომ დღეს ბაზრის კვლევა დაასრულა და კომპანიები და ეკონომიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი ბარაბაძის თქმით, სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ 2008-2014 წლებში ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები. ბარაბაძე წინასწარ ვერ აკონკრეტებს, გაზრდის თუ არა ყველა ძირითადი ოპერატორისთვის ჯარიმა საწავავის ფასებს.  

 

კომენტარები