რეკლამა

Luciano - შვეიცარიელი არტისტი Gem Fest-ზე 5 აგვისტოს დაუკრავს

Luciano
http://electronicdancemusic.com/

"მიყვარს, როდესაც ვცვლი მუსიკის კეთების საკუთარ ფორმულას, რადგან, ჩემი აზრით, ცნობისმოყვარეობა ის ძირითადი რამ არის, რაც ხელოვნებაში დარჩენის შანსს იძლევა. შესაძლებელია, საკუთარი ტრეკი ააწყო წმინდა მათემატიკური პრინციპებით, მაგრამ მე ეს არ მჩვევია. სიურპრიზი და სენსაცია არის ის, რაც ყველაფერზე მაღლა დგას ამ საკითხში".

Luciano შვეიცარიელი დიჯეია, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, ქმნის საკუთარ მუსიკას და პერიოდულად უკრავს მსოფლიოში ცნობილ კლუბებსა და ვენიუებზე. ბერლინში გატარებული წლები მისი კარიერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, მისი ისტორია სულ სხვაგან იწყება. იქ, სადაც ბევრი საინტერესო მინიმალ დიჯეის ისტორია დაიწყო. წლების წინ საკუთარი დედის და ლათინოამერიკული მუსიკის გავლენით Luciano-მ ჩილეში წასვლა გადაწყვიტა, სადაც Sense Club-ის პრომოუტერულ საქმიანობაში იყო ჩართული. მასთან ერთად ამ საქმეში იყვნენ Ricardo Villalobos, Dandy Jack, Argenix Brito და ბევრი სხვა არტისტი, რომელთაც არა მარტო ლათინოამერიკული მუსიკის სცენის, არამედ, ზოგადად, ელექტრონული მუსიკის განვითარებაში აქვთ თავიანთი დიდი წვლილი შეტანილი. ჩილეში გატარებულმა წლებმა მის მუსიკაზე სამუდამოდ დატოვეს კვალი, რაც შესამჩნევია მის უკანასკნელ რელიზებსა და სეტებშიც კი.

2000 წელს იგი მშობლიურ შვეიცარიაში დაბრუნდა და ადგილობრივი კლუბის, Weetamix-ის რეზიდენტი გახდა. პარალელურად კი საკუთარი პროდუქციის გამოცემა დაიწყო ლეიბლ Mental Groove Records-ზე. ძალიან მალე კი იგი იმ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კოლექტივს, Cocoon-ს შეუერთდა და მათთან ერთად 5 წლის მანძილზე ქმნიდა მუსიკალურ ამინდს იბიცაზე.

"ჩემთვის დიჯეინგის ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ დიეჯი უნდა ახერხებდეს დენსფლორზე ემოციის შეკრებას. მას უნდა შეეძლოს, მსმენელში გამოიწვიოს ძლიერი ემოცია, გაახსენოს მათ თავიანთი საუკეთესო წუთები. მე არასდროს მისწავლია მუსიკა, ყველაფერი, რაც ვიცი ჩემშია, ამიტომ სწორედ ჩემით ვცდილობ ამ ყველაფრის გაკეთებას".

ის, რომ Luciano-ს მსმენელთან ურთიერთობა კარგად გამოსდის, უკვე ათწლეულებია, მტკიცდება, თუმცა, ამის პარალელურად იგი არასდროს წყვეტდა საკუთარი მუსიკის შექმნას. 2004 წელს Peacefrog Records-ზე მისი სადებიუტო ალბომი Blind Behaviour გამოვიდა. 2007 და 2009 წელს კი მას შესაბამისად No Model No Tool და Tribute To The Sun მოჰყვა. ლათინოამერიკული მუსიკალური ორიენტირების შერწყმა ჰაუს და ტექნოსთან იყო ის მიზეზი, რის გამოც ამ ალბომებმა მას ამ მუსიკალური მიმართულების ერთ-ერთი მთავარი მაესტროს წოდება მოუტანა. ამ გავლენების მიუხედავად შვეიცარიელ მუსიკოსს არასდროს შეუწყვეტია ექსპერიმენტები საკუთარი ჟღერადობის მუდმივად განსავითარებლად.

2013 წელს Luciano-მ Richie Hawtin-თან ერთად სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა პროექტით Bridges for Music, რათა მხარი დაეჭირათ ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის. იმავე წელს კი, ოჯახთან ერთად კიდევ ერთხელ შეიცვალა საცხოვრებელი და ესპანეთში, კერძოდ კი, ბარსელონაში გადავიდა, სადაც საკუთარი კომპანია დააფუძნა, რომელიც არტისტების მენეჯმენტით არის დაკავებული. DJ Awards-მა იგი საუკეთესო Tech House დიჯეის კატეგორიაში 6-ჯერ წარადგინა საუკეთესოდ, აქედან 4 ჯერ მას ეს პრიზი მიღებული აქვს. ბოლოს ეს ჯილდო მას 2014 წელს აქვს მიღებული.

Luciano მალე ანაკლიას ესტუმრება და 5 აგვისტოს GeM Fest-ის ფარგლებში სცენას WhoMadeWho-სთან გაიყოფს. ამავე დღეს ფესტივალის მუსიკალურ მხარეზე ასევე იზრუნებენ Loudspeakers, Nakadia, Bero და Gem Fest-ის რეზიდენტ დიჯეები.

კომენტარები