საწვავის ფასები

კონკურენციის სააგენტოს 11.4 მილიონიან ჯარიმას გალფიც გაასაჩივრებს

0 კომენტარი
ფოტო: http://pirveliradio.ge

ნავთობკომპანია გალფი (სან პეტროლეუმ ჯორჯია) კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებულ 11.4-მილიონიან ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარიმის მოცულობა გალფის წმინდა მოგებას ორჯერ აღემატება. სააგენტოს მტკიცებით, დაჯარიმების მიზეზი 2012-2014 წლებში კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა გახდა, თუმცა გალფი მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს ემიჯნება. კომპანიის განცხადებაში წერია, რომ გალფი ოპერირებს გამჭვირვალე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მის ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანია, დიდი ოთხეულიდან ერთი, Deloitte ამოწმებს. 10.4-მილიონიანი ჯარიმის გასაჩივრებას ნავთობკომპანია ვისოლიც გეგმავს.

"სან პეტროლიუმ ჯორჯია ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელი და დამსაქმებელია საქართველოში, ის ოპერირებს გამჭვირვალე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მისი ფინანსური ანგარიშები აუდიტირებულია მსოფლიოს "დიდი ოთხეულში" შემავალი კომპანია Deloitte-ის მიერ. ცნობისათვის, 2012-2014 წლებში კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 187 მილიონი ლარი შეიტანა, დასაქმებული ჰყავს 1500-მდე თანამშრომელი, ხოლო ქველმოქმედებას მილიონ ლარზე მეტი მოახმარა. აღსანიშნავია, რომ გალფის წმინდა მოგებამ 2012-2014 წლებში 6.2 მილიონი ლარი შეადგინა მაშინ, როცა კონკურენციის სააგენტოს მიერ დარიცხული ჯარიმა თითქმის ორჯერ აღემატება ამ ციფრს, რაც ძალზედ მძიმედ იმოქმედებს მის საქმიანობაზე და განვითარების გეგმებზე. 
ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპებია ღია და პატიოსანი კონკურენცია და მომსახურების მაღალი ხარისხი. კომპანია აპირებს, დაახლოებით, 30 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ინფრასტრუქტურულ პროექტებში და დამატებით ათეულობით თანამშრომლის დასაქმებას. მიგვაჩნია, რომ ამგვარი ქმედებები მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს კომპანიის საინვესტიციო გეგმებზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მის განვითარებას და ხელს შეუშლის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. 
ყოველივე ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტად გამოცხადებულ პოლიტიკას, რომ გაუმჯობესდეს ქვეყნის ბიზნესგარემო, შეიქმნას სამუშაო ადგილები და დამატებითი ინვესტიციები შემოვიდეს საქართველოში, რაც ქვეყნის ეკონომიკას ძალზედ სჭირდება", - ნათქვამია გალფის განცხადებაში.

კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის დასკვნა 15 ივლისს გაასაჯაროვა. სააგენტო პრაქტიკულად ყველა ძირითადი მოთამაშის დაჯარიმებას ჯამში 55 მილიონი ლარით გეგმავს. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი ბარაბაძის თქმით, კონკურენციის სააგენტოს ანგარიში 1100 გვერდს აჭარბებს, თუმცა ამ დროისთვის იგი საჯარო არ არის. ანგარიშის ტექსტის ნაწილი საჯარო არ იქნება, რადაგანაც ის კომერციულ საიდუმლოებას შეიცავს. სააგენტომ ყველაზე დიდი, 14-მილიონიანი ჯარიმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარს დააკისრა.

დაჯარიმებული ნავთობკომპანიების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

  1. სოკარი 14.4 მილიონი
  2. გალფი 11.2 მილიონი
  3. რომპეტროლი 10.9 მილიონი
  4. ვისოლი 10.4 მილიონი
  5. ლუკოილი 4.7 მილიონი

ნავთობკომპანიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ ჯანსაღი კონკურენციის პირობების დანერგვის ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით იკისრა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თქმით კი, დაჯარიმებას პრევენციის სახე ექნება. 

ანალიტიკოსების შეფასებით, მთავრობის მიერ კომპანიების დაჯარიმებამ შესაძლოა ნავთობპროდუქტების ფასი გაზარდოს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები