რეკლამა

4 აგვისტოს Gem Fest-ზე Tale Of Us დაუკრავს

Tale Of Us
southwest.com

"თქვენსავით ნამდვილად არ გვიკვირს ჩვენი ასეთი წარმატება. წლების მანძილზე ჩვენ არ ვიყავით კლუბური სამყაროს ნაწილი, ჩვენ, უბრალოდ, სტუდიაში ვისხედით და მუსიკას ვწერდით. ამიტომ, როცა წარმატებულები გავხდით, არ გაგვკვირვებია, არ გვქონია ისეთი რეაქცია, რომ 'უი, ეს როგორ მოხდა', ჩვენ საკმარისი ვიშრომეთ ამისთვის, ამიტომ ამ ყველაფერს დაახლოებით ასე შევხვდით: 'როგორც იქნა, ეს მოხდა", - ასე პასუხობენ Carmine Conte და Matteo Milleri ჟურნალისტს კითხვაზე, თუ რამდენად მოულოდნელი იყო ის დიდი წარმატება, რაც მათ სულ რამდენიმე წელიწადში ხვდათ წილად.

იტალიელმა მუსიკოსებმა დიდი ხნით ადრე დაიწყეს საკუთარი ისტორიის წერა, ვიდრე Another Earth, Dark Song ან Primitive Poeple-ს რემიქსი ნახავდა დღის სინათლეს. სასწავლებლების მიტოვება და ბერლინში გადასვლა ამ ისტორიის პირველი მნიშვნელოვანი ფურცელია. თუმცა "ბერლინული ოცნება" ასე მარტივად რომ არ სრულდება, ამას თავადაც შეეჩეხნენ: "ადამიანებს აქვთ ნიჭი, რომელიც ეხმარებათ რაღაცების ადვილად მიღწევაში. ჩვენ ვთვლით, რომ ნიჭი გვქონდა და გვაქვს, მაგრამ არა ისეთი, რომელიც მარტივად გაგიკვალავს გზას. ჩვენ ბევრმა შრომამ მოგვიწია, როდესაც 5 ან 6 ტრეკს გამოვუშვებთ, მათ უკან ათეულობით სხვა დგას, რომლებიც ვერასდროს ნახავენ დღის სინათლეს".

"ამას გარდა, ძალიან ბევრი ტრეკი, უბრალოდ, გაქრა კომპიუტერიდან, რადგან 3-ჯერ გადაგვეწვა ლეპტოპი. არ გვქონდა იმდენი ფული, რომ საკმარისი აპარატურა შეგვეძინა. 2 ადამიანს გვქონდა ერთი ლეპტოპი, იქ ვაკეთებდით მუსიკას, იქ ვუყურებდით პორნოგრაფიას და იქ ვაკეთებდით ყველაფერს. მაშინ ძალიან ვდარდობდით ამაზე, თუმცა, მოგვიანებით ყველაფერი შეიცვალა".

ყველაფერი შეიცვალა 2009 წლიდან, როცა Carmine და Matteo ბერლინში გადავიდნენ საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ საწყის პერიოდში იმის შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ, რომ ქალაქი მაინც დაეთვალიერებინათ და იქაურ სცენას გაცნობოდნენ (როგორც ამბობენ, უფულობის გამო Panorama Bar-ის ნახვაც კი მხოლოდ ერთხელ შეძლეს), მათ თავიანთი მიზნები არ შეუცვლიათ. ამ ყველაფრის შედეგს ანაკლიაში, 4 აგვისტოს ვნახავთ.

Carmine სტუდიაში ძირითადად მელოდიაზე მუშაობს, ხოლო Matteo რიტმულ სექციებზე, თუმცა, როგორც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ არა სიზარმაცე, Carmine-ს მარტოსაც შეუძლია ტრეკის წერა. "როდესაც Carmine-ს კარგი იდეა მოსდის, მე მას ვეუბნები, იცი, რა? შენ უნდა დაასრულო ამ იდეაზე მუშაობა, მაგრამ ის საკმარისად ზარმაცია ამისთვის".

თუმცა, ამ სიზარმაცის მიუხედავად, მათ შეძლეს ძალიან მოკლე დროში მოეწყოთ აფეთქებები საცეკვაო მუსიკაში და ბოლო რამდენიმე წელია, ჰაუს და ტექნო ჟღერადობის საკუთარ სტანდარტებს ქმნიან. ამ სტანდარტების ნაწილია მათი ლეიბლი Life & Death, რომელიც 2012 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროისთვის რამდენიმე ჰიტად ქცეული რელიზის სახლია. ბოლო რამდენიმე წელია Tale Of Us ერთ-ერთი ლიდერია Resdient Advisor-ის გამოკითხვაში, რომელიც მკითხველის დახმარებით ადგენს წლის საუკეთესო დიჯეებს.

Tale Of Us ანაკლიაში, Gem Fest-ის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი პროექტია, რომელიც 4 აგვისტოს დაუკრავს მთავარ სცენაზე. ამავე დღეს თქვენ შეგიძლიათ, მოუსმინოთ რამდენიმე საინტერესო ქართველ თუ უცხოელ არტისტს, მათ შორის: Gio Shengelia / Cobert / Bacho /Timur Basha / Vova KLK / Sofia Rodina / Anushka / Bvoice & Anrilov და ა.შ.

 

კომენტარები