მცოცავი ოკუპაცია

სადემარკაციო სამუშაოების გამო ჩეხეთი შეშფოთებას გამოთქვამს

რუსი მესაზღვრეების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტზე ჩეხეთის რესპუბლიკა შეშფოთებას გამოთქვამს.

"ჩეხეთის რესპუბლიკა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიერ ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლზე, რომელიც მას დანარჩენი საქართველოსაგან ჰყოფს, სადემარკაციო სამუშაოების ჩატარების გამო.

ხაზგასმით ვგმობთ ამ უკანონო მოქმედებებს, რომლებიც მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნიან გამყოფი ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას, უფრო ართულებენ კონფლიქტის მოგვარების მიზნით სამშვიდობო ძალისხმევას და ნეგატიურად მოქმედებენ მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციაზე. ჩეხეთის რესპუბლიკას მიაჩნია სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელ ნაწილად და გამოთქვამს სრულ მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მიმართ", - წერია განცხადებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს გადმოსწიეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი და ადგილობრივი მოსახლეობის მიწები.

კომენტარები