Stop Russia

NGO-ები: პოლიცია უკანონოდ ზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, დღეს, 18 ივლისს მთავრობის კანცელარიასთანდ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებას პოლიცია ზღუდავს.

"დღეს, 18 ივლისს, 6 საათზე მთავრობის კანცელარიის შენობასთან რამდენიმე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციის აქცია „Stop Russia" არის დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორებს დილიდან დაცვის პოლიცია არ აძლევს უფლებას, ტერიტორიაზე მოაწყონ სცენა.

შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება კონსტიტუციის 25-ე მუხლითაა გარანტირებული და მისი შეზღუდვა სახელმწიფოს არ შეუძლია, თუ აქციამ კანონსაწინააღმდეგო სახე არ მიიღო. მედიით გავრცელებული ცნობებით ირკვევა, რომ ორგანიზატორებს ვერ დაუსახელეს კონკრეტული და საფუძვლიანი მიზეზი, თუ რატომ არ შეუძლიათ ადგილზე სცენის გამართვა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ იარსებებდა შეზღუდვის დაწესების რეალური მიზეზები (გარემოება), „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს შეზღუდვა უნდა იყოს: (ა) საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევისაკენ მიმართული; (ბ) კანონით გათვალისწინებული; (გ) დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი; (დ) არადისკრიმინაციული; (ე) პროპორციულად შემზღუდველი; (ვ) ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

მიგვაჩნია, რომ ადგილზე მობილიზებული პოლიცია უკანონოდ ზღუდავს აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც აქციის ორგანიზატორებმა, კანონის დაცვით, კანცელარიას შეტყობინება 5 დღით ადრე გაუგზავნეს. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს რეაგირება და უზრუნველყოს მანიფესტანტთა უფლებების დაცვა.

დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები მოგვიანებით უფრო ვრცელი განცხადებით გამოეხმაურებიან", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს აწერენ: 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;

საქართველოს რეფორმების ასოციაციაა;

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

იდენტობა

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS)

კომენტარები