Stop Russia

ტაბულას პროდიუსერის სასამართლო პროცესი ორშაბათს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტაბულას გენერალური პროდიუსერის, ლექსო მაჭავარიანის სასამართლო პროცესი გაიმართა. მაჭავარიანის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ სასამართლოს მტკიცებულებები წარუდგინა. მოსამართლე ნინო ჭალიძემ საპატრულო პოლიციას ასევე მოსთხოვა მტკიცებულებათა წარდგენა, მას დრო ორშაბათამდე მიეცა, სწორედ 20 ივლისს გაგრძელდება სხდომა.

"არანაირი სამართალდარღვევა მე არ ჩამიდენია. პირიქით, დარღვევა იყო პოლიციის მხრიდან, რომელიც ხელს უშლიდა აქციის ჩატარებას. შემდეგ უკანონოდ დამაკავეს. ამ „დანაშაულს“ რა თქმა უნდა არ ვაღიარებ", - განუცხადა ლექსო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.

მთავრობის კანცელარიასთან ტაბულას გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი დღეს, 18 ივლისს დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, ლექსო მაჭავარიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებამდე ლექსო მაჭავარიანსა და აქციის სხვა ორგანიზატორებს სთხოვდნენ, ტერიტორიიდან გაეყვანათ მანქანა, რომელიც აქციისთვის საჭირო აპარატურით იყო დატვირთული. პოლიციელები არ ხსნიდნენ, რის საფუძველზე ითხოვდნენ მანქანის გაყვანას.

კომენტარები