მცოცავი ოკუპაცია

გაგლოითი: პროვოკაციის განმეორების შემთხვევაში იქნება შესაბამისი რეაგირება

ხოხ გაგლოითი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი
რუსთავი 2

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის სპეციალური შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა სამი საკითხი განიხილეს:

1. 3 დღის წინ სოფელ კნოლევიდან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის საკითხი - შეთანხმების თანახმად, მას დღეს, საღამოს 6 საათზე ან ხვალ შუადღეს გაათავისუფლებენ.

2. მეორე შეთანხმება ნაწილობრივ მიღწეულია. სოფელ ხურვალეთსა და წითელუბნის მონაკვეთზე, როგორც ცხინვალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა საშუალება, აიღოს მოსავალი. თუმცა, მათივე თქმით, დასაზუსტებელია რამდენიმე დეტალი და ცხინვალს დღეს ექნება პასუხი, როდის მოახერხებს მოსახლეობა მოსავლის აღებას.

3. ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი, რომ უნდა შეწყდეს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სხვადასხვა სახის პროვოკაციები - მაგალითად ის, რომ ე.წ. საზღვართან აღარ გამოჩნდნენ ნიღბიანი შეიარაღებული პირები. ცხინვალის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ პროვოკაციები ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის მხრიდან იმართებოდა და ის პროვოცირებული იყო ქართველი პოლიციელების მიერ. 

"ჩვენ შევახსენეთ მონაწილე მხარეებს იმ ტენდენციის შესახებ, რომელიც ჩვენს შეშფოთებას თებერვლიდან იწვევს. საუბარია მიზანმიმართულ სროლაზე სასაზღვრე ნიშნების მიმართ. ეს ტენდენცია გადაიზარდა სწორედ იმ პროვოკაციაში, რომელსაც ათი დღეა, ვაკვირდებით. ცხადია, ეს მიუღებელი, შეურაცხმყოფელი და შეუწყნარებელი ფაქტია სამხრეთ ოსეთისთვის. მსგავსი პროვოკაციის განმეორების შემთხვევაში, რასაკვირველია, იქნება შესაბამისი რეაგირება", - თქვა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა ხოხ გაგლოითმა.

ადგილობრივი მოსახლეობა კი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, მისცენ საშუალება, რომ საკუთარი მიწები ჰქონდეთ.

ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 10 დღეში გაიმართება.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს გადმოსწიეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი და ადგილობრივი მოსახლეობის მიწები.

 

კომენტარები