ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის ანტიკორუფციული კომისია: ნეპოტიზმის მრავალი შემთხვევა გამოიკვეთა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ოთხ რეგიონში გახსნილი ანტიკორუფციული კომისიების ოთხი თვის მუშაობის ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თქმით, კომისიებმა რეალური შედეგი წარადგინეს, რაც მომავალში მრავალ სასამართლო პროცესში აისახება, რადგან, პარტიის წევრების მტკიცებით, ნეპოტიზმის მრავალი შემთხვევა გამოიკვეთა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, ანტიკორუფციული კომისია მუშაობას სექტემბერში გააგრძელეს. მისივე ინფორმაციით, კომისია დიდ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისსა და ბათუმშიც გაიხსნება.

"გამოიკვეთა ძალიან მძიმე ტენდენციები - სახელმწიფოსგან შეკვეთა შეიძლება მიიღო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხარ ქართული ოცნების წარმომადგენელი. სამსახური შეგიძლია მიიღო, თუ ხარ ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრი ან ნათესავი. ეს სამუშაო არ ჩაივლის შედეგის გარეშე. ჩვენ ვაპირებთ, რომ პროკურატურას მივმართოთ ყველა დარღვევაზე" - განაცხადა ნადირაშვილმა.

კომენტარები