თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან

რა ეფექტს მოუტანს საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება

REUTERS

2015 წელს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს ქართულმა და ჩინურმა მხარეებმა ხელი მოაწერეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ერთობლივ განცხადებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გამართვის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ.

თავისუფალი ვაჭრობის ეკონომიკური ეფექტის კვლევა კომპანია PMCG-იმ ჩაატარა. კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოს ექსპორტს ჩინეთში 9%-ით გაზრდის, ჩინური იმპორტის მოცულობა კი დაახლოებით 2%-ით გაიზრდება. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 0.5%-ით შეამცირებს იმპორტთან დაკავშირებული საგადასახადო შემოსავლების ოდენობას.

ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ქვეყნებს შორის მთლიანი ბრუნვა $823 მილიონია. ჩინეთიდან საქართველოში ძირითადად ფოლადის ნაწარმი, კომპიუტერები და მობილურები შემოდის. საქართველდან ჩინეთში კი ძირითადად სპილენძის მადანი, ჯართი და ღვინო გადის. ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები მსოფლიოს 32 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, მათ შორის: ჩილესთან, ახალ ზელანდიასთან, სინგაპურთან და პაკისტანთან. ამ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ ამ ქვეყნების ექსპორტი ჩინეთში მაღალი ტემპებით იზრდებოდა, რასაც ჩილესა და პერუს მაგალითებიც კარგად აჩვენებენ.

PMCG-ის ანგარიშის მიხედვით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით: 

საქართველოს ექსპორტი ჩინეთში გაიზრდება 9%-ით (2.1 მლნ აშშ დოლარით).

საქართველოში ღვინის ექსპორტი ჩინეთში გაიზრდება 28.5%-ით (1.3 მლნ აშშ დოლარი).

იმპორტი ჩინეთიდან გაიზრდება 1.69% - 2.22%-ით (15.2-15.5 მლნ აშშ დოლარი).

საქართველოს ექსპორტი $2.86 მილიარდია, იმპორტი კი $8.59 მილიარდი. ჩინეთის ექსპორტი $2.34 ტრილიონია, იმპორტი კი $1.96 ტრილიონს შეადგენს.  

 

კომენტარები