ევროპარლამენტართა ვიზიტი

ბროკი: ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ შერჩევითი სამართლის ნიშნები გაქრება

ელმარ ბროკი
Karen Bleier / AFP

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრები, რომებიც ე. წ. მატროსოვის ციხეში პატიმრობაში მყოფ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს - ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაის შეხვდნენ, ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება ქვეყანაში შერჩევითი სამართლის ნიშნებზე გაამახვილეს.

"მე იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს სამართლიანობა გაიმარჯვებს. იმედია, რომ სასამართლო სისტემის ცვლილება, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებები დაეხმარება ამ პროცესს. ვფიქრობ, ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ შერჩევითი სამართლის ასეთი ნიშნები გაქრება. თქვენმა ქვეყანამ ბევრ სფეროში პროგრესს მიაღწია და შერჩევითი სამართლის ნიშნები ამას აზიანებს. იმედია, მათ ექნებათ სამართლიანი შანსი, რომ საკუთარი საქმეები მოიგონ," - განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ელმარ ბროკმა (ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თარგმანი).

"მე შევხვდი ბაჩო ახალაიას. ის არ გამოიყურება კარგად, მაგრამ აბობს, რომ კარგ მდგომარეობაშია და მისი უფლებები არ ირღვევა. კითხვები, რომელიც სასამართლოს სხდომებს და მის ბრალს უკავშირდება, ისევ არსებობს. არის ეჭვი იმისა, რომ მათი დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ჩვენ ამ საკითხებს პრეზიდენტსა და პრემიერს გავაცნობთ," - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა გაბრიელუს ლანსბერგისმა.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს, ასევე საპარლამენტო ოპოზიციას. ევროპარლამენტარები ასევე სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ.

კომენტარები