ჰაკერების შეტევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდი გატეხეს

ინტერპრესნიუსი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი, moa.gov.ge გატეხეს. საიტზე დატოვებული ტექსტის მიხედვით, ავტორი ვინმე Anonymous gogia_11-ია. ტექსტი ნაწილობრივ ინგლისურ, ნაწილობრივ ქართულ ენაზეა.

„ჩვენ ვართ ანონიმურები, ჩვენ ვართ ლეგიონი. ჩვენ არ ვაპატიებთ, ჩვენ არ დაგვავიწყდება. დაგველოდეთ“ - ანიშნულია ინგლისურ ნაწილში.

რაც შეეხება ქართულს, ტექსტში საუბარია საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე.

„2015.01.27 ამ დროს ზიმბაბომ საქართველოს დახმარების სახით გამოუყო (50 ალუმინის ტრაქტორი, 100 პლასტმასის კომბაინი, 50 ნამგალი, 90 ჩაქუჩი, ტონა ლურსმანი, 10 ტრაკტორის საჭეე, 40 ნიკელის საბურავის დისკები, 11 ველოსიპედის პედალი, 50 არაბული სუფთა სისხლის ჯორები), და ეს ყველაფერი იყო იმისათვის რათა ეს მოხმარებოდა საქართველოს სუფლის მეორნეობას, ასავე გლეხობას. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს ეს დახმარება მიიღო 2015.03.19 -წელს. მაგრამ აქედან არაფერი არ მოხმარებია გლეხობას. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს ყველაფერი მიყიდა რუსეთს. და აქედან ისმება კიტხვა სად წავიდა ზიმბაბოს მიერ გამოყოფილი დახმარება საქართველოსათვის?“ - ნათქვამია ტექსტში (სტილი დაცულია).

ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდი საერთოდ არ იხსნება. როგორც ტაბულას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ეს იყო ჰაკერების შეტევა და მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს უკვე შეატყობინეს. რაც შეეხება საიტზე გამოქვეყნებულ ტექსტს, პრესსამსახურში მას „არასერიოზულსა“ და „მაიმუნობას“ უწოდებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური საიტის გატეხვის ფაქტზე გამოძიება 284-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რომელიც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვ ოშეღწევას გულისხმობს. 

კომენტარები