შერჩევითი სამართალი

გაბაშვილი მთავრობას: ყურად იღეთ ევროპარლამენტარების განცხადებები

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის შეფასებით, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარების განცხადებები შერჩევით სამართალსა და პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიის წინსვლისთვის და ევროპული მომავლისთვის. გაბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ "სულ უფრო მეტი უმაღლესი დონის ფიგურა თუ ინსტიტუტი აცხადებს, რომ პოლიტიკურ დევნას საქართველოს ევროპული მომავლისთვის დიდი ზიანი მოაქვს".

"საყურადღებო და მკვეთრი განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ და დიდი გავლენის მქონე ევროპარლამენტის წევრმა ელმარ ბროკმა. ასეთი დონის ფიგურა - რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია - პირდაპირ ამბობს, რომ ენმ-ის ლიდერები პოლიტდევნილები არიან და მათ უსწრაფესად უნდა დატოვონ საპატიმროები, რათა საქართველო გადავიდეს განვითარების შემდგომ ეტაპზე. მალე იქნება სტრასბურგის სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლის იგნორირებას ივანიშვილი ვეღარ შეძლებს. მოვუწოდებთ მთავრობას და ივანიშვილს, ყურად იღოს ეს განცხადება და მსხვერპლად ნუ შესწირავს საკუთარ ვიწრო ინტერესს საქართველოს ევროპულ მომავალს", - განაცხადა გაბაშვილმა.

ცნობისთვის, 25 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრები ე. წ. მატროსოვის ციხეში პატიმრობაში მყოფ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს - ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაიას შეხვდნენ, ჟურნალისტებთან საუბრისას მათ ყურადღება ქვეყანაში შერჩევითი სამართლის ნიშნებზე გაამახვილეს.

"მე იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს სამართლიანობა გაიმარჯვებს. იმედია, რომ სასამართლო სისტემის ცვლილება, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებები დაეხმარება ამ პროცესს. ვფიქრობ, ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ შერჩევითი სამართლის ასეთი ნიშნები გაქრება. თქვენმა ქვეყანამ ბევრ სფეროში პროგრესს მიაღწია და შერჩევითი სამართლის ნიშნები ამას აზიანებს. იმედია, მათ ექნებათ სამართლიანი შანსი, რომ საკუთარი საქმეები მოიგონ", - განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ელმარ ბროკმა.

"მე შევხვდი ბაჩო ახალაიას. ის არ გამოიყურება კარგად, მაგრამ ამბობს, რომ კარგ მდგომარეობაშია და მისი უფლებები არ ირღვევა. კითხვები, რომელიც სასამართლოს სხდომებს და მის ბრალს უკავშირდება, ისევ არსებობს. არის ეჭვი იმისა, რომ მათი დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ჩვენ ამ საკითხებს პრეზიდენტსა და პრემიერს გავაცნობთ", - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა გაბრიელუს ლანსბერგისმა.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები