ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა

ქადაგიძის თქმით, სებ-იდან საბანკო ზედამხედველობის გატანა არაკონსიტუციურია

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოტანა არაკონსტიტუციურია და არღვევს ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგს. გიორგი ქადაგიძის თქმით, კანონპროექტის ავტორებმა არ გაითვალისწინეს არცერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა და ამასთანავე კანონპროექტი შეიცავს საკმაოდ ბევრ ორაზროვან პუნქტს, რაც მომავალში მრავალ პრობლემას შექმნის. ეროვნული ბანკი პრეზიდენტის მიერ ამ კანონპროექტისთვის ვეტოს დადებას მიესალმება.

საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით: ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. დაგეგმილი ცვლილებებით კი ეროვნული ბანკის უფლებამოსილება შემცირდება. 

"ეს კანონი არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, ამ კანონის ასეთი ფორმით მიღება არ შეიძლება, ეს არის ეროვნული ბანკის და არამარტო ეროვნული ბანკის პოზიცია, არცერთი თავმოყვარე ეკონომისტი დადებითად არ აფასებს დაგეგმილ ცვლილებებს. ამ კანონის ასეთი სახით მიღება მნიშვნელოვნად დააზიანებს მთლიანად სექტორს, უკვე აზიანებს ინვესტორთა განწყობას და საბოლოო ჯამში თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს მის უარყოფით შედეგებს საკუთარ ჯიბეზე. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ვეტო არის კიდევ ერთი შესაძლებლობა პარლამენტის წევრებისთვის, რომ გადახედონ თავის გადაწყვეტილებას."- განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

დღესვე ეროვნული ბანკიდან საბანკო რეგულირების სამსახურის გამოტანასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა. კვირიკაშვილის თქმით, ამ კანონპროექტში თავდაპირველად მართლაც იყო ხარვეზები, თუმცა საბოლოოდ პროექტთან დაკავშირებული მრავალი შენიშვნის გათვალისწინება მოხდა. 

საბანკო ზედამხედველობის კანონპროექტზე მსოფლიო ბანკმა (WB), საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი კრიტიკული ხასიათის წერილი გაუგზავნეს. ორგანიზაციები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოტანასთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ ეს რეფორმა საქართველოს საფინანსო სექტორს დააზიანებს. წერილში ნათქვამია, რომ დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს მიმართ ინვესტორთა ნდობაზეც მოახდენს უარყოფით გავლენას. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ფინანსური სექტორის სამართლებრივი რეგულირების სახელმძღვანელოს პრეზენტაციაც გამართა, სადაც ფინანსური სექტორის მონიტორინგის შესახებ არსებული ნორმატიული აქტები არის თავმოყრილი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, წიგნის თითოეული თავი ასახავს ეროვნული ბანკის და ფინანსური სექტორის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. გიორგი ქადაგიძის თქმით, სახელმძღვანელო მომხმარებლებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიგონ თუ რა წარმოადგენს ეროვნული ბანკის საქმიანობის არსს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები