უკრაინის კრიზისი

უკრაინელი სამხედროები შიროკინოს არ ტოვებენ

news.pn

უკრაინის აღმოსავლეთში, სოფელ შიროკინოში, მარიუპოლის მახლობლად უკრაინული ძალები დარჩებიან, სანამ ბუფერული ზონის შესახებ შეთანხმებას ხელი ოფიციალურად არ მოეწერება. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბმა განაცხადა.

დასახლება, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში შეტაკებების ეპიცენტრად იქცა, პრორუსმა მებრძოლებმა დატოვეს, მას შემდეგ, რაც მხარეები მის დემილიტარიზაციაზე შეთანხმდნენ. თუმცა, სეპარატისტები შიროკონოს დაბომბვას ისევ განაგრძობენ. წუხელ ღამით ერთ-ერთი დაბომბვის შედეგად ეუთოს დამკვირვებელი მსუბუქად დაშავდა.

პარალელურად, მარიუპოლში მოქალაქეების საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შიროკინოდან მოხალისეთა ბატალიონების გამოყვანას აპროტესტებენ. უკრაინული სარდლობის გადაწყვტილებით, პოზიციებზე მოხალისეები არმიის ქვედანაყოფებმა ჩაანაცვლეს, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილი თავს დაუცველად გრძნობს. როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, კონფლიქტის დაწყებიდან სულ 2300 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

 

კომენტარები