სუპერ პუმა

მონიტორი: სუპერ პუმები ექსპლუატაციისთვის ივანიშვილის ავიაკომპანიას გადაეცა

www.planespotters.net

სტუდია მონიტორის გამოძიების თანახმად, 2014 წლიდან, სუპერ პუმას სამი ვერტმფრენი ექსპლუატაციისთვის ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ავიაკომპანიას - ავიასერვისს გადასცეს. სუპერ პუმების მომსახურებაში ავიასერვისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს. ავიაკომპანია ავიასერვისის ოფისი ჭავჭავაძის გამზირზე, ქართუ ბანკის შენობაში მდებარეობს. მისი დირექტორის ალეკო ტყემალაძის თქმით, "მომსახურება, რა თქმა უნდა, უფასო ვერ იქნება, მაგრამ ეს თემა საერთოდ გრიფით არის საიდუმლო. სახელმწიფო ექსპლუატაციისთვის თანხას იხდის, სხვანაირად როგორ უნდა იყოს?".

კონკრეტულად რა თანხას იღებს ავიაკომპანია ავიასერვისი, სტუდია მონიტორმა ვერ დაადგინა. სახელმწიფო ხაზინამ და ეკონომიკის სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ გასცეს.

როგორც ცნობილია, 13 ივნისისის სტიქიის ღამეს, სამაშველო სამუშაოებისთვის ვერტმფრენები ვერ გამოიყენეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მაშინ განაცხადა, რომ ვერტმფრენები ეკონომიკის სამინისტროშია გაჩერებული და მას ვერ გამოიყენებდენ. თუმცა, ავიასერვისის დირექტორი ალეკო ტყემალაძე ადასტურებს, რომ ვერტმფრენები ექსპლუატაციისთვის მზადყოფნაში იყო.

"ვერტმფრენები გაჩერებული არ არის, სამუშაო მდგომარეობაშია", - ამბობს ტყემალაძე სტუდია მონიტორთან სატელეფონო საუბარში.

ავიასერვისის დირექტორის მტკიცებით, ვერტმფრენები სამაშველო სამუშაოებისთვის მათი VIP სალონების გამო ვერ გამოიყენეს, რადგან "ვერტმფრენი უნდა იყოს მოწყობილი შესაბამისად".

საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, მამუკა კუდავა კი ამბობს, რომ "სალონს ჰქონდა 12 სკამი, კომფორტული მაგიდა და ბარი. იმათი ადგილი არაფერს არ იკავებს და თან, ტყავის იქნება თუ რის სკამიც იქნება, ადამიანი ვერ დაჯდება? კარი რომ იღება, თოკი რომ გადაუგდო, ჩაუშვა და ადამიანი ამოიყვანო, იმას ვერ დასვამ ვერტმფრენში? თუ რა პრობლემაა?".

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, გარდა სუპერ პუმებისა, 2014 წლიდან ავიასერვისს გადაეცა ვერტმფრენი - დოლფინი. ის რკინიგზის დეპარტამენტმა პრეზიდენტ შევარდნაძეს 2002 წელს უყიდა. მისით სარგებლობდა პრეზიდენტი სააკაშვილიც. მოგვიანებით, ვერტმფრენი სახელმწიფო დაცვის სამსახურს გადაეცა. 2014 წლამდე, დოლფინი ექსპლუატაციაში ავიაკომპანია თუშეთს ჰქონდა. კითხვაზე, რა პირობებით გადასცეს კომპანია ავიასერვისს ვერტმფრენი ექსპლუატაციისთვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აცხადებს, რომ ეს საჯარო არ არის.

აქვე აღსანიშნავია, რომ ავიასერვისის ყოფილი დირექტორი გურამ ჯალაღონია ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013 წელს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმღვანელად დაინიშნა. ჯალაღონიას დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე და შვილები იმ დაწესებულებებიში მუშაობენ, რომელსაც სამოქალაქო ავიაციის საგენტო აკონტროლებს (თბილისის აეროდრომი, ჯორჯიან ეარვეისი, საჰაერო ნავიგაცია).

 

კომენტარები