ცოდნის ფონდი

ცოდნის ფონდი: ნუ გამოიყენებთ ფონდსა და უნივერსიტეტებს კერძო ინტერესებისთვის

კახა ბენდუქიძის დაფუძნებული ცოდნის ფონდი ემიჯნება ბენდუქიძის ოჯახის წევრების დავის პროცესს და არ ერევა არსებულ დავაში. ამის შესახებ ფონდი განცხადებას ავრცელებს. ფონდის ხელმძღვანელობა მიმართავს პოტენციურ მემკვიდრეებსა და დაინტერესებულ პირებს, ნუ გამოიყენებენ ცოდნის ფონდსა და თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს კერძო ინტერესებისათვის, ნუ დააზიანებენ უნივერსიტეტების რეპუტაციას და იმოქმედონ კახა ბენდუქიძის მემკვიდრეობის მიმართ პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით მათთვის მემკვიდრის ფორმალური უფლებამოსილების მინიჭებამდე.

"კახა ბენდუქიძის მიერ 2007 წელს დაფუძნებული ცოდნის ფონდის ამოცანაა განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობა ქველმოქმედების გზით. ცოდნის ფონდი არის აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების დამფუძნებელი არამომგებიანი, არასამეწარმეო, საქველმოქმედო ორგანიზაცია.

ბატონი კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ანდერძის არარსებობის და მემკვიდრის დაუდგენლობის პირობებში ცოდნის ფონდთან მიმართებაში შეიქმნა შემდეგი ვითარება: 1. პოტენციურ მემკვიდრეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავები, 2. აქედან გამომდინარე ცოდნის ფონდის დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის, უფლებამონაცვლე არ არის განსაზღვრული და შესაბამისად, შეუძლებელია ცოდნის ფონდის დირექტორის და/ან ფონდის წესდების ცვლილება.

არსებულ ვითარებაში ცოდნის ფონდის წინაშე დგას შემდეგი ამოცანა: შეინარჩუნოს ცოდნის ფონდისა და მისი დაფუძნებული თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მდგრადობა და რეპუტაცია მემკვიდრის და კახა ბენდუქიძის უფლებამონაცვლის გარკვევამდე.

ცოდნის ფონდი ემიჯნება ოჯახური დავის პროცესს და არ ერევა არსებულ დავაში. ასევე თხოვნით მივმართავთ პოტენციურ მემკვიდრეებს და დაინტერესებულ პირებს, ნუ გამოიყენებენ ცოდნის ფონდსა და თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს კერძო ინტერესებისათვის, ნუ დააზიანებენ უნივერსიტეტების რეპუტაციას და იმოქმედონ ბატონი კახას მემკვიდრეობის მიმართ პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით მათთვის მემკვიდრის ფორმალური უფლებამოსილების მინიჭებამდე.

მემკვიდრეობის საკითხების გარკვევის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ცოდნის ფონდში ფინანსური, სტრუქტურული და ინსტიტუციური საკითხების გადაწყვეტის უფლება მიენიჭება იმ პიროვნებას/პიროვნებებს, რომლებიც გახდებიან ბატონი კახა ბენდუქიძის უფლებამონაცვლეები. ცოდნის ფონდის დირექტორსა და პოტენციურ მემკვიდრეებს შორის არსებული, ჯერ კიდევ ბატონი კახა ბენდუქიძის სიცოცხლეში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ცოდნის ფონდის დირექტორის ცვლილება მოხდება უფლებამონაცვლის გარკვევისთანავე.

ცოდნის ფონდი წუხილს გამოთქვამს შექმნილი ვითარების გამო და იმედს იტოვებს, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება სასამართლო დავა და გაირკვევა ბატონი კახა ბენდუქიძის მემკვიდრის და უფლებამონაცვლის საკითხი.

როგორც კახა ბენდუქიძის თანამოაზრენი, პასუხისმგებლობით და პატივისცემით ვეკიდებით მის დანატოვარს და თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს და აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ ა.წ. 29 ივლისის შეკვეთილ განცხადებაში გამოთქმულ დაუსაბუთებელ და ცრუ ბრალდებებზე პასუხისაგან", - წერია განცხადებაში.

ცოდნის ფონდთან დაკავშირებით განცხადება დღეს კახა ბენდუქიძის ცოლმა ნატალია ზოლოტოვამ გაავრცელა. ის ფონდის ხელმძღვანელობით უკმაყოფილოა.

"მინდა გამოვხატო ჩემი განსაკუთრებული შეშფოთება იმ მდგომარეობის გამო, რაც შექმნილია ჩემი მეუღლის მიერ დაარსებულ ცოდნის ფონდში, ორ უნივერსიტეტსა და მათთან დაკავშირებულ სტრუქტურებში. უნივერსიტეტებში სულ უფრო ღრმავდება კონფლიქტი, რაც გამოწვეულია ცოდნის ფონდის ხელმძღვანელობის მეთოდებისადმი უნდობლობით და შიშით ორი შესანიშნავი სასწავლო დაწესებულების მომავლის გამო, რომელთაც კახას სიცოცხლეში ბრწყინვალე რეპუტაცია და მაღალი რეიტინგი მოიპოვეს.
 
ცოდნის ფონდის ხელმძღვანელობის და მისი კუთვნილი ქონების მართვის უფლება გადაეცა თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერს ვახტანგ ლეჟავას მინდობილობის საფუძველზე, რომელიც გაიცა დაუსაბუთებლად. ასევე, დაფარულად, განუხილველად და ყველასაგან შეუთანხმებლად, შეაქვთ ცვლილებები ფონდის წესდებაში, რომელიც თვით მისი დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის მიერაა დამტკიცებული. თამუნა კოვზირიძე გასცემს მინდობილობებს, თუმცა, ირწმუნება, რომ სხვაგან მუშაობს და ფონდის საქმიანობასთან არავითარი შეხება აღარ აქვს. როგორც ცნობილია, ყოველგვარი მინდობილობა დროებითია, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გაუქმდეს და გაიცეს კიდევ სხვა პირებზე. თუმცა, ამავდროულად, პასუხისმგებლობისგან მის გამცემ პირს არ ათავისუფლებს. ეს არის შეგნებული გზა პასუხისმგებლობისგან გაქცევისა, რომელსაც მმართველობისა და ხარჯების უკონტროლობისკენ მივყავართ", - წერს ზოლოტოვა.

კომენტარები