ირაკლი ფირცხლავა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გლდანის N8 დაწესებულებაში გადაიყვანეს

თეორემა/ტაბულა

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაიყვანეს. ოჯახის წევრების და ადვოკატების განცხადებით, მათ ამის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში ფირცხალავასთან პირადი ნივთების მისატანად მივიდნენ. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ დაწესებულების შეცვლის მიზანი ბრალდებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა.

ადვოკატების ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავა სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს. სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ დღეს გაავრცელა ბრალდებულის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენის აპარატი მის წერილებზე არ რეაგირებს.

თავის მხრივ, უჩა ნანუაშვილის მოადგილე განმარტავს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები ე.წ. მატროსოვის ციხეში ერთხელ იმყოფებოდნენ და ბრალდებულის პრეტენზიები მოისმინეს. ნათია კაციტაძისვე განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი დაინტერესდება, რა მიზეზით გადაიყვანეს ფირცხალავა გლდანის მერვე დაწესებულებაში.

ტაბულა დაინტერესდა, რა მიზეზით გადაიყვანეს ირაკლი ფირცხალავა გლდანის მერვე დაწესებულებაში. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ "გადაყვანა მოხდა მისივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად". უწყებაში სხვა განმარტებას ამ დროისთვის არ აკეთებენ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის ინფორმაციით კი, "გუშინდელ პროცესზე ირაკლი ფირცხალავამ ამხილა პროკურატურა რიგითი სპეცრაზმელების გადაბირებაში საკნებიდან გაყვანისა და მათზე ზეწოლის გზით. გუშინვე ის მატროსოვიდან გადაიყვანეს გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ჰყავდათ გამოკეტილი მწერებითა და ვირთხებით სავსე სარდაფში. დილიდან გადაიყვანეს საკანში და მთელი დღეა, დაწესებულების ადმინისტრაციის დავალებით კრიმინალები ახორციელებენ მასზე განუწყვეტელ ზეწოლას გინებით, მუქარით და გაუსაძლისი ხმაურის შექმნით. ისევე, როგორც გიგი უგულავას შემთხვევაში, იღებენ ამ პროცესს და აწვდიან ივანიშვილს, რათა მან ისიამოვნოს ამ ძალადობით".

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კორტების საქმე გახსნილად 2 თებერვალს გამოაცხადა და ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობისა და დოკუმენტების ფალსიფიკაციის ბრალდებით 11 პირი, მათ შორის ირაკლი ფირცხალავა დააკავა. მათ საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

კომენტარები