13 ივნისი

ხიდაშელი: სუპერ პუმას ვერტმფრენები 13 ივნისის ღამეს გამოუსადეგარი იყო

თინა ხიდაშელი
თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის მინისტრი თინა  ხიდაშელი ამბობს, რომ სუპერ პუმას ვერტმფრენები, რომლებიც წინა ხელისუფლებამ  სამაშველო ღონისძიებებისთვის საფრანგეთისგან შეისყიდა, 13 ივნისის ღამეს გამოუსადეგარი იყო.

"ეს ვერტმფერნები აბსოლუტურად გამოუსადეგარია ყველაფრისთვის, გარდა კომფორტული მგზავრობისთვის, მას არ აქვს აბსოლუტურად არაფერი, რაც სჭირდება სამაშველო ოპერაციას. ამ თემაზე ლაპარაკი, გასაგებია, რომ არ დამთავრდება დიდხანს, რადგან მეორე მხარეს სრულიად უპასუხიმგებლო ადამიანები არიან, რომლებიც "გაღმა შეედავეს" პრინციპით გესაუბრებიან, მაგრამ მთავარი კითხვა ამ საკითხში სხვა რამეშია – როდესაც ქვეყანას არ ჰყავდა არც ერთი სამაშველო ვერტმფრენი, რატომ დახარჯა წინა ხელისუფლებამ ამდენი ფული ამ ვერტმფრენებზე – ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ მილიონსა და სააკაშვილის კომფორტზე", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

თინა ხიდაშელი ჟურნალისტებს ურჩევს, თავად დაათვალიერონ ფრანგული ვერტმფრენები და მის შესაძლებობებზე შეკითხვები დაასრულონ.

"ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსენით ან წადით დანახეთ. გარწმუნებთ, ამის პრობლემას არავინ შეგიქმნით. წადით, ნახეთ, გადაიღეთ და დაამთავრეთ, რადგან რამდენჯერაც "ნაციონალური მოძრაობიდან" ვინმე რამეს იტყვის, იმდენი უნდა დავდგეთ და კომენტარები ვაკეთოთ, რომ აქლემები არ ვართ? სისულელე და აბსოლუტური იდიოტიზმია ამ თემაზე ლაპარაკის გაგრძელება, ეს არის ლუქსის კატეგორიის ვერტმფრენები, რომელთაც ჰქონდა ერთადერთი დანიშნულება – ამ არანორმალური ფსიქიკის ადამიანს მიეღო მუდმივი სიამოვნება, მათ შორის - ჰაერში. ასე რომ, 13 ივნისის ღამეს ჩვენ შეგვეძლო ამ ვერტმფრენების ფრენა, მაგრამ მხოლოდ ვიფრენდით და სხვას ვერაფერს გავაკეთებდით", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. 

კომენტარები