საბანკო ზედამხედველობა

აბაშიშვილი: ჩვენი შენიშვნები საფინანსო ინსტიტუტების პოზიციებთან თავსებადია

გიორგი აბაშიშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ევროკავშირიდან და საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ადმინისტრაციაში მიღებული წერილების თანახმად, საბანკო ზედამხედველობაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი უკეთეს თავსებადობაში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოზიციებთან.

"როგორც იცით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც თანახმად საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის და ეფექტური კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით, წარედგინა ევროკავშირს. ამავდროულად, კანონპროექტი წარედგინა ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს. დღეის მდგომარეობით, როგორც ევროკავშირიდან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან უკვე მიღებულია და კანონპროექტში თითქმის სრულად გათვალისწინებულია ტექნიკური ხასიათის შენიშვნები. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ ამ წუთებშიც კონსულტაციების რეჟიმში ვიმყოფებით ამ საკითხზე მსოფლიო ბანკთან.

ევროკავშირიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი არის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადი და შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს არსებული სისტემის დამოუკიდებლობის და მმართველობის გაძლიერებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებულ წერილში კი აღნიშნულია, რომ ფონდი არ არის შემოთავაზებული ცვლილებების წინააღმდეგი, რადგან აღნიშნულის მიხედვით, საბანკო ზედამხედველობა რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, რაც თავსებადია ფონდის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიცემულ რჩევებთან.

ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ თვენახევრის წინ რამდენიმე და წამყვანმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, ოთხმა ორგანიზაციამ ძალიან ნეგატიურად შეაფასა ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფა. ხოლო გუშინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე კომენტირებისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავდა, რომ მიუხედავად ბევრი შენიშვნის გათვალისწინებისა, მოუგვარებელი დარჩა ფუნდამენტური საკითხები და ამ პირობების შეუსრულებლობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რაც შეუთავსებელი იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიზნებთან და გაართულებს მორიგი პროგრამის წარმატებით მიმოხილვას.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი უკეთეს თავსებადობაში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოზიციებთან, სრულად ასახავს ევროპის საუკეთესო პრაქტიკას თანახმად ასოცირების დღის წესრიგისა, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთის მხრივ, ძლიერდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში საბანკო ზედამხედველობა, ხოლო ეროვნულ ბანკს ეძლევა საშუალება, უფრო ეფექტიანად განახორციელოს საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკა", - თქვა აბაშიშვილმა.

კომენტარები