ეკონომიკური ზრდა

2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა

თამარა ქურდაძე / ტაბულა

2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა. მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდა პირველ კვარტალთან შედარებით 0.9%-ით არის შემცირებული. ეკონომიკური ზრდის ამსახველი სტატისტიკა დღეს საქართველს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა. საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2014 წელთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ნელა გაიზრდება.

საქსტატის კვლევა წინასწარია და მასში არ არის შესული ეკონომიკის სექტორებში არსებული ეკონომიკური ზრდები. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა 2013 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს დაგეგმილზე 0.3%-ით ნაკლებად, 4.7%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპი მაქსიმალური წლის პირველ კვარტალში იყო, როდესაც მან 7.3% შეადგინა. თუკი 2015 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2% იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ვერ მოხდება დაგეგმილი რაოდენობით გადასახადების მობილიზება, რადგანაც ეკონომიკური აქტივობა შემცირებული იქნება.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3%-ით არის განსაზღვრული. თუკი საქართველოს ეკონომიკა წელს 2%-ით გაიზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებით 1%-ით გაღარიბდება.

 

კომენტარები