კონცერტების აკრძალვა

გვარამია: ფოთის და ბათუმის მერიები საკონსტიტუციო სივრციდან გავიდნენ

თეორემა/ტაბულა

ფოთის და ბათუმის მუნიციპალიტეტები, რომლებმაც რუსთავი 2-ს კონცერტების გამართვაზე უარი უთხრეს, საკონსტიტუციო და საკანონმდებლო სივრციდან გავიდნენ. ამის შესახებ ტელეკომპანიის ეთერში რუსთავი-2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„რუსთავი-2 უკვე დიდი ხანია პოლიტიკურ დევნის ობიექტია, მაგრამ ახლა არავითარ კითხვის ნიშნებს არ ბადებს, ეს დევნა სრულიად გახსნილია და საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ოფიციალური განაცხადი იქითკენ, რომ ის ძალიან მკაფიოდ და მკაცრად ზღუდავს მედიას, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას და ძალიან შორს დგას დეკლარირებული კურსისგან დემოკრატიისკენ", - განაცხადა გვარამიამ.

რუსთავი 2-ს ცნობით, ტელეკომპანიას ბათუმში და ფოთში კონცერტების ჩატარებაზე ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უარი უთხრეს იმ საბაბით, რომ ამავე ადგილას სხვა ღონისძიებები იმართება.

გვარამიას თქმით, ყოველგვარი კანონიერი ვადა უარის თქმაზე ამოწურული იყო. გარდა ამისა, ქუთაისისგან განსხვავებით, სადაც რუსთავი 2-ს ასევე ეთქვა უარი, ფოთში და ბათუმში კონცერტი მანქანების სავალ ნაწილზე არ იმართებოდა და ორგანიზატორი ვალდებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ გაეფრთხილებინა. ერთადერთი გამონაკლისი დასაშვებია, თუ იმ ადგილას მანამდე სხვა ღონისძიება იყო დაგეგმილი.

გვარამიას თქმით, ფოთისა და ბათუმის მერიებში „შეიქნმა უკანა რიცხვით რაღაც ღონისძიებების ჩატარების გეგმები, რომელიც მანამდე არ არსებობდა".

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არ აქვს უფლება რუსთავი 2-ს კონცერტების ჩატარებაზე უარი უთხრას, ტელეკომპანია თავს იკავებს დაპირისპირებისგან და კონცერტებს იმ დროს ჩაატარებს, როდესაც ადგილობრივ ხელისუფლებას იგივე ადგილას ღონისძიების ჩატარება არ ექნება დაგეგმილი.

გვარამიამ აღნშნა, რომ რუსთავი 2 კონცერტის ჩატარებას ფოში 3 აგვისტოს, ბათუმში კი 4 აგვისტოს გეგმავს.

კომენტარები