სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-მა რუსეთის წინააღდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

sires.house.gov

აშშ-მა რუსეთის წინააღდეგ დამატებითი სანქციები დააწესა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეხო.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი სანქციები 11 ფიზიკურ და 15 იურიდიულ პირს შეეხო.

ფიზიკურ პირებს შორის, რომლებსაც აშშ-ში აქტივები გაეყინებათ და ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ, არიან როგორც რუსეთს, ასევე უკრაინის მოქალაქეები. მათ შორის პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის ბორის როტენბერგის შვილი რომან როტენბერგი, ასევე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვჩის შვილი ალექსანდრ იანუკოვიჩი, ასევე მსხვილ რუსულ ბიზნესთან და იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული პირები.

გარდა ამისა, აშშ-მ სექტორული სანქციები დააწესა იმ რუსული კომპანიების მიმართ, რომლებიც ოკუპირებულ ყირიმში საქმიანობენ, მათ შორის რუსეთის ვნეშეკონომბანკის და ნავთობკომპანია როსნეფტის შვილობილი კომპანიების, ასევე ყირიმში არსებული პორტების მიმართ.

სანქციების ქვეშ ასევე იჟევსკის მექანიკური ქარხანა და კონცერნი იჟმაში აღმოჩნდა.

აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად 2014 წლის 6 მარტს შემოიღო, მას შემდეგ ისინი რამდენიმეჯერ გაფართოვდა. სანქციები რუს მაღალჩინოსნებს, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს და კომპანიებს შეეხო.

აშშ-სა და ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ასევე მოქმედებს შეზღუდვები სესხებზე რუსული ბანკებისთვის, აკრძალულია რუსეთისთვის შეიარაღების და ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდება, ასევე შეზღუდულია ნავთობის მოპოვებისთვის მაღალი ტექნოლოგიების მიწოდება.

კომენტარები