შსს

შსს: სომხეთის მოქალაქეს ნარკოტიკები და საბრძოლო მასალა უკანონოდ შემოჰქონდა

RFE/RL

სამართალდამცველებმა, სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოში (წითელი ხიდი), საბაჟო პროცედურების გავლის დროს, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რაზმიკ ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 1,2 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 30 ცალი საბრძოლო ვაზნა კანონსაწინააღმდეგოდ საკუთარი ავტომობილით შემოჰქონდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება, ხოლო ავტომობილის დათვალიერებისას 30 ცალი საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება 271,08 გრამ კანაფის ფისს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები